რუსეთის უშშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი „კროკუს სითი ჰოლზე“ ტერაქტის ორგანიზატორების ხელშეწყობაში დაადანაშაულა.
მედვედევის თქმით, ტერორისტული ჯგუფი ISIS, თითქოს მხოლოდ ტერაქტის ორგანიზატორების საინფორმაციო საფარი იყო და პასუხისმგებლობის აღებაზე მხოლოდ საჯაროობის მოსაპოვებლად დათანხმდა.
”მაგრამ ნამდვილი ორგანიზატორები კვლავ იმალებიან „ისლამური სახელმწიფოს“ ჩრდილში. ეს არის გეგმა. ტელეფონებიდან გამოქვეყნებული პირველი ინფორმაცია აშკარად მიუთითებს ორგანიზატორების ეროვნებაზე. (...) ისინი არიან ნაცისტური უკრაინის იფიციალური პირები. “, - წერს მედვედევი Telegram-ში.
მედვედევი ტერაქტში, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურებს გამორჩათ, ადანაშაულებს არა მხოლოდ უკრაინის ხელმძღვანელობას, არამედ დასავლელ ლიდერებსაც. რუსეთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი მათ "ტერორისტების საერთაშორისო სპონსორებს" უწოდებს.
"მათ შორის არიან ნატო-ს ქვეყნების მაღალი თანამდებობის პირები. დიახ, თუნდაც იგივე მაკრონი. მისი რიტორიკა, მისი ქმედებები, რაც მთავარია ბანდერას რეჟიმთან საიდუმლო ოპერაციებისთვის, შესაძლოა, კვალიფიცირებული იყოს, როგორც თანამონაწილეობა 22 მარტის ტერორისტულ თავდასხმაში. (... ) აშკარაა, რომ მაკრონი და რიგი სხვა დასავლელი ლიდერები არიან ამ საშინელი ტერაქტის სპონსორები“, - ამტკიცებს მედვედევი.