ჩვენ ვართ ამაყი, თავმოყვარე ერი და ყველას ვთხოვთ, განსაკუთრებით მეგობრებს, ნუ დაგვიშლიან და თითს ნუ დაგვიქნევენ, ნუ მისცემენ ექსტრემისტებს საშუალებას, რუსული დაუძახონ იმას, რაც ევროკავშირშია ინიცირებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პარტნიორების მიერ გაკეთებული განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.
„შარშან მოდიოდა შეფასება – „რუსული კანონი“. წელს ოფიციალური სტრუქტურებისგან არცერთი ასეთი შეფასება არ არის, მათი მხრიდან რუსული კანონი არ ხსენებულა, ხომ ასეა?! ოფიციალური სტრუქტურების მხრიდან აღარ არის, რომ ევროკომისიის მიერ რეკომენდებულ, ევროპაში დაინიცირებულ კანონს დაარქვან რუსული. კონკრეტული პირების, პარლამენტარების მხრიდან, რომლებიც ლობირებენ „ნაცმოძრაობას“ და ენჯეოსექტორის მათ წარმომადგენლებს რეალურად და არა ქართველი ხალხს, ეს ბუნებრივია. რატომ ხდება ეს ყველაფერი. მთავარი კითხვაა, რატომ? ერთი არგუმენტი როდესაც არ არის, რატომ არ უნდა შეავსოს დეკლარაცია „ენჯეო“ ან მედია ორგანიზაციამ ყოველი წლის იანვარში წინა წელთან დაკავშირებით.
კანონი ყველას გამჭვირვალობას უზრუნველყოფს. მაგალითად, ჩეხეთის ელჩმა გააკეთა ასეთი კომენტარი, ძალიან ცუდად ჩანსო უცხოური ძალა და უცხოური გავლენაო. მეგობრულად არ ჟღერსო. მაშინ, მეგობრულად არ ჟღერს იმავე ლოგიკით გაერთიანებული სამეფოს სათაური ანალოგიური კანონის „უცხოური გავლენის რეგისტრაციის სქემა“, ევროკავშირში დარეგისტრირებული, „მესამე ქვეყნების სახელით განმახორციელებელი ინტერესების წარმომადგენლობის გამჭვრივალობის შესახებ შიდა ბაზარზე ჰარმონიზებული მოთხოვნის დაწესება”, არათუ გავლენა, ინტერესების წარმოდგენას არქმევენ ჩვენი ევროპელი მეგობრები და ლეგიტიმურია. ავსტრალიაში – “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის სქემის აქტში” არსებობს ჩანაწერები. კანადა – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის გაძლიერება“. საფრანგეთში დაინიცირებული – “უცხოური გავლენის დასაძლევად” და არ წერია არსად არც რუსული და ან სხვა ქვეყნების გავლენის დასაძლევად. ახალ ზელანდიაში სამად არის გაყოფილი საარჩევნო აქტი – დანაშაულების შესახებ აქტი და კომპანიების შესახებ აქტი. უკრაინა – „გარკვეული საკანონმდებლო აქტების შესწორების შესახებ“, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას, საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო სისტემებში”. აშშ – “უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტი“ და ა.შ.
რატომ არის ჩვენთან პრობლემა, რაც სხვაგან ლეგიტიმურ საფუძველს წარმოადგენს. ვინმეს თუ მიაჩნია, რომ პატარა ქვეყანას, მცირერიცხოვან ერს არ აქვს იმის უფლება, რაც შეუძლიათ, გააკეთონ დიდმა ქვეყნებმა, მე ასე არ მიმაჩნია. ქართველ ხალხს ასე არ მიაჩნია. ჩვენ ვართ ძალიან ამაყი, ძალიან თავმოყვარე ერი და ყველას ვთხოვთ, მეგობრებს განსაკუთრებით, ნუ დაგვიშლიან და თითს ნუ დაგვიქნევენ ისეთ რაღაცაზე, რაც თავისთან აქვთ. რასაც თავისთან არეგისტრირებენ. საქართველოში ნუ მისცემენ ექსტრემისტებს იმის საშუალებას, რომ რუსული დაუძახონ იმას, რაც მოქმედებს აშშ-ში, სირელში, კანადაში, ახალ ზელანდიაში, რაც ინიცირებულია ევროკავშირში ცოტა მკაცრი რეგულაციებითაც კი, ვიდრე ჩვენ პროექტშია წარმოდგენილი. ჩვენ ვართ ამაყი, თავმოყვარე ერი და ასეთ მიდგომას არ ვიმსახურებთ არავისგან. შესაბამისად, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ქვეყანა იმართებოდეს დამოუკიდებლად, ქართველი ხალხის არჩეული ხელისუფლების მიერ. სუვერენიტეტი იყოს განმტკიცებული და ვერავინ შეძლოს, რომ შავი ფულით მოახდინოს გარკვეული კორექტირების შეტანა ამ ქვეყნის მართვაში“, – განაცხადა მდინარაძემ.