გამჭვირვალობა ლეგიტიმური მიზანია, ოღონდ სწორი გზებით უნდა მიიღწეს, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა გადაცემა "პოლიტიკური ამბების" ეთერში განაცხადა.
ამასთან, სახალხო დამცვალის თქმით, თუ კანონი წინააღმდეგობაში მოდის სტრატეგიული პარტნიორების დამოკიდებულებასთან და ევროატლანტიკურ გზასთან, საკითხი უნდა გადახედოს.
„კანონის მიზანი, რაც გულისხმობს გამჭვირვალობას, ლეგიტიმურია, მაგრამ ამ ლეგიტიმური მიზნის მიღწევა აუცილებელია სწორი გზებით მოხდეს. მე ამაზე შარშან პარლამენტში ვსაუბრობდი, სადაც ვამბობდი, რომ ის, თუ ვინმეს აინტერესებს, ვინ არის კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციის დამფინანსებელი, ამისთვის გვაქვს გრანტის კანონი, რომელსაც შესაძლებელია, რომ დაემატოს ერთი მუხლი, რომელიც უზრუნველყოფს ამ მიზნის მიღწევას. თუ ეს მიზანი პოლიტიკური დღის წესრიგით არის დატვირთული და ეს ყველაფერი წინააღმდეგობაში მოდის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დამოკიდებულებასთან და მათ ჩვენს შემდგომ ნაბიჯებთან ევროინტეგრაციის გზაზე, საკითხი უნდა იქნას გადახედილი. ეს პოზიცია მქონდა მაშინაც და მაქვს დღესაც", - თქვა იოსელიანმა.
შეკითხვაზე, არის თუ არა გამჭვირვალობის პრობლემა არასამთავრობო ორგანიზაციებში, სახალხო დამცველის პასუხი ასეთია:
"მე არ ვიცი, ბევრი ამბები არის, რომელიღაც პარტიას რაღაც ერიცხება, თუ არ ერიცხება... ყოველ შემთხვევაში, ეს კითხვის ნიშნებიც რომ არ არსებობდეს, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია ყველაფრის შესახებ", - განაცხადა იოსელიანმა.
სახალხო დამცველის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ კანონი საბოლოო რედაქციით საქართველოს კონსტიტუციასთან მოვა წინააღმდეგობაში, ომბუდსმენის აპარატი კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
ამასთან, იოსელიანმა თქვა, რომ გასულ წელს რუსული კანონი „იარლიყების მიმკერებელი“ იყო, რაც ადამიანებისთვის შეურაცხმყოფელი იყო.