"მე კარგად ვხედავ ამ მშენებლობის იქით სიღარიბეს, მაგრამ ეს არის დროებითი და ამან არ უნდა დაჩრდილოს მთავარი პერსპექტივა", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში ახალი სასტუმროს საძირკველის ჩაყრის შემდეგ განაცხადა.
"იმ ადგილზე, სადაც საბჭოთა კავშირი აშენებდა მახინჯ შენობებს და სადაც ბოლო ოთხი წელია ლევან ვარშალომიძე აშენებს ახალ, ძალიან ლამაზ ბულვარს, დღეს იწყება ნამდვილი მარგალიტის - ახალი სასტუმროს მშენებლობა. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სასტუმრო, რაც მინახავს მსოფლიოში", - აღნიშნა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის შეფასებით, მართალია საქართველო ტერიტორიულად მცირეა, მაგრამ მრავალი სასწაულის ქვეყანაა, ეს სასწაულები ამ დრომდე შენიღბული, დამალული იყო და არ ხდებოდა მისი განვითარება.
"ჩვენი მოდერნიზაციის ფარგლებში მთავარია კულტურული მემკვიდრეობის მთელი ძალით ამუშავება ქართველ ხალხზე, სამუშაო ადგილებზე და ასევე იმაზე, რომ ჩვენს თანამემამულეებს ჰქონდეთ საამაყო დღესაც და კიდევ ასწლეულობით", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისი შეფასებით, ქვეყანაში ჯერ კიდევ ბევრია გაჭირვებული ადამიანი, რომელიც მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებში ცხოვრობს.
"ყველაფერი, რაც ხდება, დაამთავრებს იმ სიღარიბეს და უიმედობას, რომელიც დაბუდებული იყო", - განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ მისი მიზანია სიტყვიდან საქმეზე გადასვლა.
პრეზიდენტმა მისი ნაცნობი მილიარდერის ფრაზები მოიშველია და აღნიშნა, რომ "ხშირად ჩვენის დაფასება არ შეგვიძლია".
"ერთი ჩემი ნაცნობი მილიარდერი სამ კვირას ცხოვრობდა ქობულეთში, სასტუმრო "ჯორჯიან პალასში" და მან მითხრა, ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო სასტუმრო მსოფლიოში, თუ სადმე ვყოფილვარო", - დასძინა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა აზერბაიჯანული ინვესტიციით განხორციელდება. კომპლექსის სახელწოდება "სემირამიდას ბაღები" იქნება. არქიტექტურა ბათუმის პიაცას ავტორებს, ვაჟა ორბელიძესა და ზაზა კვირკველიას ეკუთვნით. ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო შესაბამისი ინფრასტრუქტურით 2012 წელს დასრულდება. 11-სართულიან შენობაში 120 ნომერი იქნება. აზერბაიჯანული კომპანია "დია ჰოლდინგი" პროექტში 35- მილიონიან ინვესტიციას ჩადებს.