თეთრი სახლი აცხადებს, რომ სირიის დედაქალაქში, ირანის საკონსულოზე ისრაელის საჰაერო თავდასხმაში, რომლის დროსაც დაიღუპა ორი ირანელი გენერალი და ხუთი სამხედრო მრჩეველი, აშშ-ს კავშირი არ აქვს.
თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ სისულელე უწოდა თეირანის ბრალდებას სარაკეტო თავდასხმაზე ამერიკის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით და გააფრთხილა, რომ ვაშინგტონს რეაგირება ექნება ნებისმიერ საპასუხო განცხადებაზე.
„ნება მომეცით მკაფიო ვიყო. ჩვენ არაფერი გვქონდა საერთო დამასკოზე განხორციელებულ დარტყმასთან. ჩვენ ამაში არანაირი ფორმით არ ვყოფილვართ ჩართული,” - თქვა მან ბრიფინგზე.
დამასკოზე თავდასხმა საფრთხეს უქმნის ისრაელს, ირანსა და თეირანის მიერ მხარდაჭერილ მარიონეტულ ჯგუფებს შორის მრავალწლიანი ბრძოლის ესკალაციას. დაპირისპირება გაძლიერდა მას შემდეგ, რაც ოქტომბერში დაიწყო ბრძოლა ისრაელსა და პროირანულ ისლამისტურ დაჯგუფება ჰამასს შორის ღაზის სექტორში.
ისრაელისთვის აშშ-ის მხარდაჭერის საპასუხოდ, პროირანული გასამხედროებული ჯგუფები თავს დაესხნენ ამერიკის სამხედრო ბაზებს ერაყში, სირიასა და იორდანიაში, თუმცა თებერვლის დასაწყისიდან შემდგომი თავდასხმები არ მომხდარა აშშ-ის საპასუხო დარტყმების შემდეგ.
„ჩვენ ყოველთვის ძალიან სერიოზულად ვუდგებით ჩვენი სამხედროებისა და ობიექტების დაცვას ერაყსა და სირიაში. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა ამ ჯარების დასაცავად“, -თქვა კირბიმ.
მანამდე, პენტაგონის სპიკერმა საბრინა სინგჰმა განაცხადა, რომ ისრაელს არ გაუფრთხილებია შეერთებული შტატები სირიის დედაქალაქში ირანის მისიაზე თავდასხმის შესახებ.
„ისრაელელებმა არ შეგვატყობინეს მათი თავდასხმის ან დამასკოზე განზრახ თავდასხმის სამიზნის შესახებ“, - განაცხადა სინგჰმა ბრიფინგზე და დასძინა, რომ ირანს აცნობეს, რომ შეერთებულ შტატებს არაფერი აქვს საერთო ამ დარტყმასთან.
მანამდე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა განაცხადა, რომ ირანის საკონსულოზე თავდასხამზე პასუხისმგებლობა აშშ-ს ეკისრება, რადგან ის მხარს უჭერს ისრაელს.