ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა კობა სუბელიანმა მედიას 2010 წლის ანგარიში წარუდგინა.
მინისტრმა დევნილთა მიმართ სამოქმედო გეგმის შესაბამისად დევნილთა გრძელვადიან განსახლებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 22 000 დევნილმა ოჯახმა საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში მიიღო.
მინისტრმა ერთ-ერთ მთავარ მიღწევად სწორედ პრეზიდენტის დანაპირების შესრულება და დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემა დაასახელა.
"მთავარი მიღწევა და მთავარი შედეგი ის არის, რომ პრეზიდენტის დანაპირები შესრულდა. დევნილმა 22 000-მდე ოჯახმა საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში მიიღო. ეს არის 10 000 ოჯახი თბილისში, დანარჩენები კი რეგიონებზე ნაწილდება", - აღნიშნა სუბელიანმა.
დაკანონებული ფართების გარდა, მინისტრმა სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, გაზიფიცირებასა და ელექტროენერგიის ინდივიდუალურ გამრიცხველიანებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გაზიფიცირების სამუშაო მაქსიმუმ 6-7 თვეში დასრულდება.
"მხოლოდ ფართის დაკანონებით არ შემოვიფარგლეთ. დევნილებისთვის საკუთრებაში გადაცემულ ობიექტებში გავაკეთეთ ინდივიდუალური გამრიცხველიანება, რაც იმას ნიშნავს, რომ ელექტროენერგიის გადახარჯვა არ მოსდით. ასევე, დაწყებულია გაზიფიცირების სამუშაოები, რომელსაც მაქსიმუმ 6-7 თვეში დასრულდება. წლების წინ, ეს ფანტასტიკის სფერო იყო, გაზი კი არა, შუქი ენატრებოდა ხალხს", - დასძინა სუბელიანმა.
რაც შეეხება დარჩენილ სამუშაოს, კობა სუბელიანის თქმით, მომავალ წელს, კარკასული ობიექტები, რომლებიც რეგიონებში მოიძია სამინისტრომ, ბინებად უნდა გადაკეთდეს, სადაც დევნილები იცხოვრებენ. ასევე რეგიონებში გაგრძელდება როგორც მშენებლობა, ისე დასაქმების ხელშემწყობი სხვადასხვა პროგრამა.
რაც შეეხება სტატისტიკას, ანგარიშის მიხედვით, თბილისში დევნილებს საკუთრებაში 277 ობიექტი გადაეცათ, რეგიონებში კი 343 ობიექტი. დონორების დახმარებით გარემონტდა კომპაქტური ჩასახლების 228 ობიექტი და 58 კარკასული ობიექტი. მომავალ წელს ფოთში დაგეგმილია 32 საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა, წყალტუბოში 10 კორპუსის, ბათუმში კი 52 კორპუსის. ასევე დაიწყება 54 კარკასული ობიექტის ბინებად გადაკეთება და 64 კარკასული ობიექტის რეაბილიტაცია.