საპარლამენტო უმრავლესობის სახელით გვინდა, მივმართოთ ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნის, აშშ-ის ადგილობრივ წარმომადგენლობას, საელჩოს, ქალბატონ ელჩს, დაიწყოს საუბარი და სანქციები, რომელიც აშშ-ის მხრიდან დაუწესდათ ქართველ მოსამართლეებს, მოეხსნათ, იმედს ვიტოვებთ, რომ მისი ელჩობის პერიოდში ეს საკითხი ობიექტურად გადაწყდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, აღნიშნული მოსამართლეების წინააღმდეგ არანაირი არგუმენტი და მტკიცებულება არ არსებობს.
„ამ დრომდე არ გვინახავს არცერთი მტკიცებულება, რომელიც ამ სანქციების რელევანტურობასაც კი დაადასტურებდა. ასევე, მიგვაჩნია, ის, რომ საქართველოში რამდენიმე მოსამართლე ყოველგვარი საფუძვლის გარეშე არის დასანქცირებული, ეს ახალისებს სასამართლოს წინააღმდეგ იმ მდაბიო კამპანიას, რომელსაც „ენჯეო“ სექტორის რიგი წარმომადგენლები, „ნაცმოძრაობა“ და მისი სხვადასხვა განშტოებები მიმართავენ“, – განაცხადა მდინარაძემ.
მდინარაძის განცხადებით, რაიმე თუ შეიძლება აღვივებდეს ანტიამერიკულ განწყობებს საქართველოში, ეს არის მსგავსი უსამართლო გადაწყვეტილებები.
„ჩვენ არათუ მტკიცებულება ვიხილეთ, არამედ საპირისპირო მტკიცებულების სახით მივიღეთ სტრასბურგის გადაწყვეტილება გვარამიას საქმეზე“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისივე განცხადებით, გვარამიას საქმის მოსამართლეს, ლაშა ჩხიკვაძეს პრაქტიკულად სანქცია დაედო, როდესაც სავიზო შეზღუდვა დაუწესეს და მას არ ეძლევა საშუალება, მიიღოს მონაწილეობა სხვადასხვა აქტივობებში.
„შესაბამისად, ჩვენ ვითხოვთ, დასანქიცრებულ მოსამართლეებს მოეხსნათ სანქციები. ლაშა ჩხიკვაძის შემთხვევაში სტრასბურგმა დაადასტურა, რომ მის მიმართ აბსოლუტურად უსაფუძვლო კრიტიკა იყო და დღეს ყველას, ვინც ამაში ირიბი მხარდაჭერაც კი დააფიქსირა, ბოდიში აქვს მოსახდელი. მან თავად განაცხადა, რომ მისი შვილი გარკვეულ სამედიცინო დახმარებასაც კი საჭიროებს ბულინგის გამო. ამ ყველაფერს ახალისებს მათ შორის უსაფუძვლო სანქცირება, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნისგან, როგორიც არის აშშ, რომელიც ჩვენთვის არის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი. კატეგორიულები ვართ ამ მოთხოვნაში, რომ ამ ადამიანებს მოეხსნათ სანქციები და არ მისცეს ჩვენ მეგობარმა ქვეყანამ რომელიმე მდაბიო და ბოროტ სუბიექტს ამ ფაქტით მანიპულირების საშაულება“, – განაცხადა მდინარაძემ.