საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ბექა ოდიშარიას ბექა ოდიშარია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
ბექა ოდიშარიას თქმით, უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს არავინ უშლის ხელს, არჩევნებში ჩაერთონ და ამ კუთხით ხარვეზებსა და პასუხისმგებლობისგან თავის არიდებაზე საუბარი დემაგოგიაა.
„პრობლემა საარჩევნო უბნების რაოდენობაში კი არ არის, არამედ იმაშია, რომ ნაწილს გაუცნობიერებელი შიში აქვს, დადგეს რეგისტრაციაზე, რის გარეშეც არჩევნებში მონაწილეობის მიღება წარმოუდგენელია. მეორე ნაწილს კი უბრალოდ ინტერესი არ აქვს და ამაზე მეტყველებს ციფრები. მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთ ქალაქში 60 000-მდე ქართველია, საიდანაც, მაგალითად, მხოლოდ 721 ადამიანი დარეგისტრირდა და არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 174-მა. ამაზეა საუბარი, რომ საარჩევნო უბნის ნაკლებობაა? უბანი კი არა, ხალხს აკლია მოტივაცია. რატომ? ამაზე ერთად ვიმსჯელოთ,“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
ოდიშარიას თქმით, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის მაშველი რგოლის როლშია.
„ვწუხვარ, რომ სალომე ზურაბიშვილი აბსოლუტურად ჩამჯდარია ამ მავნებლური ოპოზიციის ნარატივში. პრაქტიკულად, მაშველი რგოლის როლშია, მაგრამ ისე არ მოხდეს, რომ მათთან ერთად წავიდეს პოლიტიკურ ფსკერზე. არავითარი დისკომუნიკაცია არ არსებობს, მას შეულია, ნებისმიერი აგიტაცია გასწიოს, ოღონდ ეს უნდა იყოს მართებული, შედიოდეს ემიგრაციის ინტერესებში და არა ისე, რომ ვუთხრათ, თქვენი ქვეყანა არ გიხსნით საარჩევნო უბანს, იზოლაციაში ხართ საარჩევნო უფლებასთან მიმართებითო. ეს ტყუილია. კიდევ ერთი აბსურდი, რაც სალომე ზურაბიშვილმა გააჟღერა, რომ ეკლესიებსა და საკვირაო სკოლებში ჩავატაროთ არჩევნებიო. არსებობს რაღაც კონვენციები, რასაც საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან ცოდნა სჭირდება. საქართველოში არჩევნები ტარდება მხოლოდ საქართველოს იურისდიქციაში, ასეთად საზღვარგარეთ განიხილება მხოლოდ საკონსულო და საელჩო. რა საკვირაო სკოლები და ქართული რესტორანი ან მაღაზიები? აბსურდის თეატრშია შესული“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
სალომე ზურაბიშვილმა საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე საუბრისას მოიყვანა მაგალითები, სად შეიძლება გაიხსნას საარჩევნო უბნები, მათ შორის ისაუბრა საკვირაო სკოლებისა და სხვადასხვა ფართის გამოყენების შესაძლებლობაზე.