თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის, ჯონ კირბის განცხადებით, აშშ-მა რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებს 7 მარტს, 11:15 საათზე გადასცა წერილობითი გაფრთხილება მოსკოვში, დიდ შეკრებებზე შესაძლო თავდასხმის შესახებ.
კირბის განცხადებამდე რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში თქვეს, რომ მოიპოვეს „მტკიცებულებები“ „კროკუს სითი ჰოლზე" თავდამსხმელებსა და „უკრაინელ ნაციონალისტებს“ შორის კავშირების შესახებ.
მათივე მტკიცებით, აქვთ დადასტურებული მონაცემები, რომ ტერაქტის შემსრულებლებს უკრაინიდან კრიპტოვალუტაში დიდი ოდენობით თანხა გადაურიცხეს.
კირბიმ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებას სისულელე და პროპაგანდა უწოდა.
„აშკარაა, რომ „ისლამურ სახელმწიფოს“ სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მოსკოვში გასულ კვირას მომხდარ საზარელ ტერაქტზე. სინამდვილეში, შეერთებული შტატები ცდილობდა ამ ტერორისტული თავდასხმის თავიდან აცილებას და კრემლმა ეს იცის“, - თქვა კირბიმ.
კირბიმ თქვა, რომ 22 მარტის თავდასხმის წინ, აშშ-მა რუსეთის ხელისუფლებას მიაწოდა მკაფიო, დეტალური ინფორმაცია მოსკოვში დიდი შეკრებებისა და კონცერტების წინააღმდეგ ტერორისტული საფრთხის შესახებ.
„7 მარტს, მოსკოვის დროით 11:15 საათზე, ჩვეულებრივი პროცედურების დაცვით და დადგენილი არხებით, რომლებიც აქამდე არაერთხელ იქნა გამოყენებული, აშშ-ის მთავრობამ წერილობითი გაფრთხილება გადასცა რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებს. გარდა ამისა, მეორე დღეს, 8 მარტს, ჩვენ გავავრცელეთ საჯარო გაფრთხილება და ვთხოვდით ამერიკის მოქალაქეებს, თავი აერიდებინათ მოსკოვში დიდი შეკრებებისა და კონცერტებისთვის“, - თქვა კირბიმ.
კირბიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მსგავს ინფორმაციას აწვდის რუსეთს, რადგან იგი უკიდურესად სერიოზულად ეკიდება თავის ვალდებულებას, გააფრთხილოს შესაძლო საფრთხეების შესახებ.
22 მარტის ღამეს მოსკოვის ოლქში მდებარე "კროკუს სითი ჰოლის" საკონცერტო დარბაზში, სულ მცირე, ოთხი შეიარაღებული პირი შეიჭრა. მათ შენობაში მყოფ მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნეს.
თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლეს. სავარაუდოდ, Renault-ის მარკის თეთრი ავტომობილით. გაჩენილი ხანძრის შედეგად განადგურდა საკონცერტო დარბაზის ზედა სართულები.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით ტერაქტის შედეგად დაიღუპა 143 და დაშავდა 180-მდე ადამიანი.