აშშ-ის სადაზვერვო სამსახურმა რუსეთს მოსკოვში ტერორისტული თავდასხმის საფრთხის შესახებ ინფორმაციის მხოლოდ ნაწილი მიაწოდა, რადგან შიშობდა, რომ მათი წყაროები გამჟღავნდებოდა. ამის შესახებ The New York Times (NYT) წყაროზე დაყრდნობით წერს.
„ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის მტრულმა ურთიერთობებმა ხელი შეუშალა შეერთებულ შტატებს (ტერორისტების) გეგმის შესახებ აუცილებელის გარდა სხვა ინფორმაციის მიწოდებაში, იმის შიშით, რომ რუსეთის ხელისუფლებამ შეიტყობდა დაზვერვის წყაროების ან მეთოდების შესახებ“, - წერს NYT.
გამოცემის თანამოსაუბრეები ვარაუდობდნენ, რომ მარტის დასაწყისში, რუსეთში როდესაც მიიღეს ინფორმაცია მომდევნო 48 საათში ტერორისტული თავდასხმის მაღალი რისკის შესახებ, მათ შეეძლოთ ყურადღების ფოკუსირება თუმცა, როცა თავდასხმა ამ პერიოდში არ მოხდა, გარკვეული დროის შემდეგ მათ ეს გაფრთხილება უნდობლობით მიიღეს.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა პუბლიკაციის შესახებ კომენტარის გაკეთების თხოვნის საპასუხოდ განაცხადა, რომ კრემლმა ამის შესახებ არაფერი იცოდა. ამავდროულად, მან მოუწოდა NYT-ს მასალებს „დიდი სიფრთხილით“ მოეკიდონ.
რუსეთში აშშ-ის საელჩომ 7 მარტს განაცხადა, რომ „ექსტრემისტები გეგმავენ ახლო მომავალში თავდასხმას მოსკოვში ხალხმრავალ შეკრებებზე, მათ შორის კონცერტებზე და მოუწოდა თავის მოქალაქეებს, თავი აარიდონ მსგავს ღონისძიებებს.
„კროკუს სითი ჰოლში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, ეფ-ეს-ბეს ხელმძღვანელმა ალექსანდრ ბორტნიკოვმა აღიარა, რომ აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებმა გააფრთხილეს რუსული მხარე მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ, მაგრამ თქვა, რომ ეს იყო "ზოგადი ხასიათის ინფორმაცია", რომელიც იმ დროისთვის არ იყო დადასტურებული.
„კროკუსზე“ თავდასხმამდე სამი დღით ადრე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აშშ-ის გაფრთხილებას პროვიკაცია უწოდა და თქვა, რომ ეს ყველაფერი წააგავს პირდაპირ შანტაჟს, საზოგადოების დაშინებას და დესტაბილიზაციის განზრახვას.
22 მარტის ღამეს მოსკოვის ოლქში მდებარე "კროკუს სითი ჰოლის" საკონცერტო დარბაზში, სულ მცირე, ოთხი შეიარაღებული პირი შეიჭრა. მათ შენობაში მყოფ მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნეს.
თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლეს. სავარაუდოდ, Renault-ის მარკის თეთრი ავტომობილით. გაჩენილი ხანძრის შედეგად განადგურდა საკონცერტო დარბაზის ზედა სართულები.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით ტერაქტის შედეგად დაიღუპა 143 და დაშავდა 180-მდე ადამიანი.