განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2010 წელის საუკეთესო უცხოელ პედაგოგად პროექტის "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად" ფარგლებში ჩამოსული, ინგლისური ენის მოხალისე პედაგოგი სტეფანი ეგერი დაასახელა.
სტეფანი ეგერი ზუგდიდის რაიონის სოფელ შამგონის საჯარო სკოლაში ასწავლის, რომელიც მრავალი ღონისძიების ავტორია და ხელმძღვანელობს ინგლისური ენის შემსწავლელ კურსებს, სადაც მასწავლებლებსაც აქვთ შესაძლებლობა გაიღრმავონ ენის ცოდნა.
დღესვე წლის საუკეთესო საჯარო სკოლად ახალციხის №5 სკოლა დასახელდა. სკოლა ყველაზე მრავალრიცხოვანია ახალციხეში, პედაგოგები და მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა პროექტებსა და პროგრამებში, მოსწავლეები გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით. დიდი ყურადღება ეთმობა სკოლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, თანამედროვედ აღჭურვას. საკუთარი თანხების მობილიზებით სკოლაში არაერთი სარეაბილიტაციო საქმიანობა განხორციელდა.
წლის საუკეთესო კერძო სკოლად კი სკოლა-ლიცეუმი - "მწიგნობართუხუცესი" დასახელდა. თანამედროვე ინფრასტრუქტურის მქონე სკოლაში სამინისტროს მიერ ინიცირებული ყველა სიახლეა დანერგილი და წარმატებით ხორციელდება. "მწიგნობართუხუცესი" ერთ-ერთი პირველი კერძო სკოლაა, რომელიც სამინისტროს ინიციატივას გამოეხმაურა და სექტემბრიდან უფასოდ სწავლის გაგრძელება შესთავაზა რამდენიმე ნიჭიერ და წარმატებულ მოსწავლეს სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან და მოსწავლეებს, რომელთაც სასკოლო ეროვნულ ოლიმპიადებში გაიმარჯვეს.
წლის საუკეთესო რესურს ცენტრის ხელმძღვანელად თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი რუსუდან ჩხეტია დასახელდა. მას მიღებული აქვს მონაწილეობა სხვადასხვა ტრენინგებსა და სემინარებში, არის ბევრი ღონისძიებისა და ტრენინგის ორგანიზატორი. რუსუდან ჩხეტიას ძალისხმევით რაიონის სკოლის დირექტორები და მასწავლებლები მუდამ არიან ინფორმირებულები სიახლეებისა და ახალი ინიციატივების შესახებ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ზემოთ ჩამოთვლილ ნომინაციებში გამარჯვებულებს სპეციალურად დაწესებული ჯილდოები გადასცა და აღნიშნა, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყოველთვის წაახალისებს წარმატებულ მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და დირექტორებს, ასევე კერძო და საჯარო სკოლებსაც. რადგან მათ ჰქონდეთ მოტივაცია კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მიაღწიონ.