წლის საუკეთესო დირექტორი თბილისის ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკური №42 საჯარო სკოლის დირექტორი ალუდა გოგლიჩიძე გახდა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2010 წლის სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები დღეს გამოავლინა.
სამინისტროს ინფორმაციით, ორი წლის განმავლობაში ალუდა გოგლიჩიძის ხელმძღვანელობით სკოლის მოსწავლეები სასწავლო ოლიმპიადებში ფიზიკასა და მათემატიკაში პირველ ადგილს იკავებდნენ, წარმატებებით ბრუნდებიან საერთაშორისო ოლიმპიადებიდანაც. კურსდამთავრებულთა 50% უმაღლეს სასწავლებლებში 100%-იანი გრანტებით ხვდებიან. ამას ყველაფერს ხელს უწყობს სკოლაში მოქმედი საგნობრივი წრეები და პედაგოგთა მაღალი კვლიფიკაცია.
სკოლის მოსწავლეებს მაღალი მაჩვენებლები აქვთ ჰუმანიტარულ საგნებშიც. სკოლის დირექტორის ინიციატივით, სკოლაში ბევრი ახალი პროექტი და პროგრამა ხორციელდება. ალუდა გოგლიჩიძე თავადაც აქტიურად მონაწილეობს სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტების შემუშავებაში.
დღესვე სამინისტრომ რამდენიმე საუკეთესო მანდატურიც გამოავლინა. ესენი არიან №199 საჯარო სკოლის მანდატური ლევან ხარაზიშვილი, №151 სკოლის მანდატური ლანა ღონღაძე და №56 სკოლის მანდატური გიორგი ქამუშაძე.