2010 წელს საქართველოს მოქალაქეობა 500-მდე ეთნიკურ აფხაზს აღუდგა.
ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გია ბარამიამ 2010 წლის ანგარიშის წარმოდგენისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, აფხაზეთის მთავრობამ წლის განმავლობაში 338 დევნილი დაასაქმა, მათ შორის ეთნიკურად აფხაზებიც არიან.
"შეიქმნა დასაქმების ფორუმი, რომლის მეშვეობითაც დევნილები საქმდებიან", - განმარტა ბარამიამ.
ამასთან, აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, მიმდინარე წელს მთავრობის საქმიანობა ძირითადად პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ სფეროებზე იყო ორიენტირებული.
"ამ კუთხით პრიორიტეტული იყო განათლებისა და ჯანდაცვის სფეროები. განათლების კუთხით 2010 წელს 45 პროგრამა განხორციელდა, ჯანდაცვის სამინისტრომ კი პროექტი განახორციელა, რომლის ფარგლებში აფხაზეთის ტერიტორიაზე მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა და საჭიროების შემთხვევაში, პაციენტები ოპერაციისა და სხვა გამოკვლევებისთვის გადმოყვანილი იქნენ დანარჩენ საქართველოში", - დასძინა მან.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2010 წელს ადმინისტრაციულ საზღვარს აქეთ საცხოვრებლად 12 აფხაზური ოჯახი გადმოვიდა.