თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ რუსეთის განცხადებას, რომ უკრაინას კავშირი აქვს მოსკოვის კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარ ტერაქტთან, კრემლის პროპაგანდა უწოდა.
კირბის თქმით, მოსკოვის რეგიონში მომხდარ ტერაქტს „არავითარი კავშირი არ ჰქონდა უკრაინასთან“. ”ეს იყო თავდასხმა, რომელიც განხორციელდა ისლამური სახელმწიფო -ხორასანის მიერ”, - განაცხადა მან ბრიფინგზე.
ამასთან, თეთრი სახლის წარმომადგენელმა თქვა, რომ არ არის გაკვირვებული კრემლის მიერ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებით.
"ეს მხოლოდ კრემლის პროპაგანდის კიდევ ერთი გამოვლინებაა. ეს არის ყველაფერი, რაც მათ შეუძლიათ გააკეთონ იმისთვის, რომ გარკვეული გამართლება მოუძებნონ თავიანთ მუდმივ ძალადობასა და ძარცვას უკრაინაში", - თქვა კირბიმ.
მან ასევე აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა წინასწარ გააფრთხილა რუსეთის ხელისუფლება ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ.