დიდი იმედი არ გვაქვს, რომ ოპოზიცია მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მომავალი მოწვევის პარლამენტში მისი მხარდაჭერა უზრუნველყოფილი იყოს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა, ერთი მხრივ, ნებისმიერი ადამიანის ყველა კონსტიტუციური უფლების, მეორე მხრივ კი, ოჯახური ღირებულებების დაცვა.
„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ დავაანონსეთ საკანონმდებლო ცვლილებები ფსევდოლიბერალური პროპაგანდის წინააღმდეგ, რასთან დაკავშირებითაც განვსაზღვრეთ ორკვირიანი ვადა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს და დაინტერესებულ პირებს წარმოედგინათ ამ საკითხის დარეგულირების შესახებ მოსაზრებები თუ საკუთარი ვერსიები. ამის მიუხედავად, დღემდე, ამ დრომდე არცერთი მსგავსი ინიციატივა არავის მხრიდან გახმოვანებულა, პირიქით, ვნახეთ წინასაწარი მზადებებიც კი ჯერ კიდევ დაუწერელი ინიციატივის წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ჩვენი პასუხისმგებლობაა, ერთი მხრივ, დავიცვათ ნებისმიერი ადამიანის ყველა კონსტიტუციური უფლება და თავისუფლება, როგორი არატრადიციული და განსხვავებული ცხოვრების წესიც არ უნდა ჰქონდეთ ამ ადამიანებს და, მეორე მხრივ, ასევე ძალიან პრინციპულად უნდა დავიცვათ ოჯახური ღირებულებები, ჩვენი მომავალი თაობები ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მოსალოდნელი გამოუსწორებელი შედეგებისგან.
ამ მიზნის გარანტირებული უზრუნველყოფისა და საკითხის უდიდესი მნიშვნელობიდან გამომდინარე, რაც თანამედროვე მსოფლიოში ამ მიმართულებით არსებულმა პრობლემებმა დაგვანახა, გადავწყვიტეთ, დავაინიციროთ, პირველ რიგში, საკონსტიტუციო ცვლილებები, სადაც მკაფიოდ გაიწერება ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის გარანტიები, რის შემდეგაც ახლო მომავალში, ასევე დავაინიცირებთ შესაბამის და უფრო კონკრეტულ ცვლილებებს კანონებში, რაც, დაახლოებით, რამდენიმე ათეულ კანონს მოიცავს.
ცვლილებები კანონმდებლობაში, თავის მხრივ, სრულ შესაბამისობაში იქნება საქართველოს მოქმედ კონსტიტუციასთან, თუმცა სამომავლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში აღნიშნული მიზნების მყარი აღსრულებისათვის ვაინიცირებთ საკონსტიტუციო ცვლილებებს.
აქვე ვაცხადებთ, რომ, ჩვენი დღევანდელი ოპოზიციიდან გამომდინარე, დიდი იმედი ნამდვილად არ გვაქვს, რომ ისინი მხარს დაუჭერენ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ახლა თუ არა, მომავალი მოწვევის პარლამენტში მაინც მისი მხარდაჭერა იყოს უზრუნველყოფილი, ხოლო კანონებში ცვლილებები, რომელიც ამ საკონსტიტუციო ცვლილებების გაცილებით მეტი კონკრეტიკა იქნება, მიმდინარე წელს გარანტირებულად იქნება მიღებული“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
„ქართულმა ოცნებამ“ ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები მოამზადა.