საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის დიდი ნაწილი გაუმჭვირვალეა და საქართველოს მოქალაქეს არ აქვს ინფორმაცია, მეგობარი ქვეყნის ფინანსები და გადამხდელის მიერ გადახდილი ფული საქართველოში რაში იხარჯება.
მდინარაძის თქმით, საჭიროა ფინანსების გამჭვირვალობა.
„ჩვენ უარი ვთქვით აგენტების შესახებ ამერიკული კანონის მიღებაზე. ბევრი რამ გავითვალისწინეთ და გავითვალისწინეთ ისიც, რომ ჩვენმა ოპონენტებმა შეძლეს საზოგადოების ნაწილის მოტყუება. შესაბამისად, ამ თემას არ ვუბრუნდებით, მაგრამ ოპონენტებისგან და „ენჯეო“ სექტორის წარმომადგენლებისგან გვქონდა დაპირება, რომ კიდევ უფრო გამჭვირვალე იქნებოდა. ხომ ლაპარაკობდნენ, რომ ისედაც გამჭვირვალეა, „ენჯეოს“ დაფინანსებასთან დაკავშირებით გამჭვირვალობის ნატამალი იცით? ვიცით მხოლოდ პოზიტიური ნაწილი. ის, რაც კარგ საქმეს ხმარდება, ნამდვილად მშვენივრად პიარდება, ამის უამრავი მაგალითი გვაქვს. მაგალითად, როდესაც ისინი ტრენინგს ატარებენ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, ფერმერებს ეხმარებიან, დიდი მადლობა ჩვენს პარტნიორებს ამისთვის. ამ მიმართულებით ძალიან დიდი დაფინანსება მიდის. არ ჩამოვთვლი, უამრავი სფეროა, რომელსაც „ენჯეო“ სექტორი აფინანსებს და კარგ საქმეს ხმარდება. მაგრამ უფრო დიდი ნაწილი არის აბსოლუტურად გაუმჭვირვალე და წარმოდგენა არ აქვს საქართველოს მოქალაქეს, თავისი პარტნიორი, მეგობარი ქვეყნის ფინანსები და გადამხდელის მიერ გადახდილი ფული საქართველოში რაში იხარჯება. ჩვენ გვაინტერესებს ამ ფინანსების გამჭვირვალობა.
არ გნებავთ კანონი? დაარქვით ამერიკულს რუსული? საზოგადოების რაღაც ნაწილმა დაგიჯერათ კიდეც? თავად თქვენ გამოდით და დადეთ, რაში იხარჯება ეს ფული. ჩვენ ხომ ვნახეთ ტაივანიდან დაფინანსება, რისკები არის, დავუშვათ, სხვა ქვეყნების ჩარევა საქართველოს არჩევნებში. შეიძლება, ეს მთლად მეგობრული ქვეყნებიც არ იყოს. ჩვენ როდესაც არაფერი ვიცით მეგობარი ქვეყნებიდან დაფინანსებაზე, შეიძლება, უფრო მეტად არ ვიცოდეთ სხვა ქვეყნებიდან დაფინანსებაზე, მათ შორის რომელიც არ არის კეთილგანწყობილი ამ ქვეყნის მიმართ. შესაბამისად, პრევენცია მოხდება მაშინ, როდესაც ყველა ჩვენი მეგობარი, მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნიდან დაფინანსება და ნებისმიერი დაფინანსება გამჭვირვალე იქნება“, - განაცხადა მდინარაძემ.