„დიასპორა და ემიგრაცია შინაგან საქმეთა მინისტრის ანგარიშის მოსმენისას ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად წარმოჩინდა. წარმოჩინდა იმ ხალხის მიერ, ვისაც ის წლების განმავლობაში არ გახსენებია და ახსენდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს მათ ბინძურ პოლიტიკურ დღის წესრიგს სჭირდება, როგორც წესი, წინასაარჩევნოდ. ახლა განსაკუთრებით მესმის ხელმოცარული ოპოზიციის, „ნაცების“ „შმაცების“, „ნაცმუცების“ ვფიქრობ, გასაგებია რომელ პარტიებსაც ვგულისხმობ, რომლებმაც გარანტირებულად იციან, რომ კატასტროფულად დიდ მარცხს განიცდიან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ეპოტინებიან დიასპორას, რადგან სრულიად პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარებისას დიასპორულ ხმებს განსაკუთრებული ფასი დაედო“, - ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს მოუსმინეს.
მისი თქმით, „კოლექტიურმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ „დიასპორა“ და „ემიგრაცია“ მხოლოდ წინასაარჩევნოდ გაიხსენა.
„ეს ხალხი ერთხელაც არ მინახავს 27 მაისს, დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ ღონისძიებაზე, სადაც ბუნებრივია, ჩვენ ბევრ საჭიროებებს განვიხილავთ. ისმის შეკითხვა: როდის გახდა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მესიჯბოქსის განუყოფელი ნაწილი სიტყვები „დიასპორა“ და „ემიგრაცია“? ეჭვი მაქვს ეს ემთხვევა „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური კონსულტანტის, ბატონ როზნერის გამოჩენას ავანსცენაზე. როზნერი ჭკვიანი კაცი ჩანს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ის უკიდურესად იმედგაცრუებულია. როზნერი საქართველოს მისი აზრით, დიდ მწვრთნელად, დიდ მასწავლებლად, დიდოსტატად მოევლინა. მას წმინდათაწმინდა მისია ჰქონდა. როგორც კარგად ჩაცმული „ნაცები“ და უნიჭოდ გადაცმული „შმაცები“ უნდა დაევარცხნა და ჭეშმარიტ გზაზე დაეყენებინა, გზაზე, რომელიც სრული სვლით, რევანშისტული სულისკვეთებით, ძალაუფლების ხელში აღებისაკენ გაემართება. დაიძინა დიდოსტატად და გაიღვიძა ორნითოლოგად. ბოროტი წარსულით დამძიმებული, თუმცა ნიჭიერი პოლიტიკოსების ნაცვლად ხელში თუთიყუშები შერჩა. თუმცა, დარწმუნებული ვარ, თუთიყუშები საკუთარი ძახილის შინაარსში უფრო ღრმად შედიან, ვიდრე „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამონთებული, გამოკვეთილი დიასპორის და ემიგრაციის საკითხებზე მომუშავე „სპიკერები“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.