საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინაში დასავლური ჯარების შესაძლო გაგზავნის შემთხვევაში, ფრანგული ძალები რუსეთის წინააღმდეგ შეტევაზე არ წავლენ.
ამის შესახებ მაკრონმა ფრანგულ მედიასთან იტერვიუში განაცხადა.
"რა ხდება უკრაინაში? ომი, რომელიც არის ეგზისტენციალური ჩვენი ევროპისთვის და საფრანგეთისთვის. ჩვენ ძალიან ბევრი შეზღუდვა დავაწესეთ, ჩვენ არ მივდივართ ესკალაციაზე. ჩვენ არ ვართ ომში რუსეთთან," - განაცხადა მაკრონმა.
მაკრონის თქმით, თუ საფრანგეთი მაინც იძულებული იქნება უკრაინაში ჯარები გაგზავნოს, მაშინ ერთადერთი, ვისაც პასუხისმგებლობა დაეკისრება, კრემლის რეჟიმია.
"ეს ჩვენ არ ვიქნებით. ჩვენ არასოდეს გადავალთ შეტევაზე, ჩვენ არასდროს არ ავიღებთ ხელში ინიციატივას", - თქვა მან.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არსებულ პირობებში აუცილებელია რუსეთის დამარცხება ომში, რომელიც ევროპის მიწაზე მიმდინარეობს.
"საფრანგეთი არის მშვიდობის ძალა. მაგრამ დღეს, იმისათვის, რომ უკრაინაში მშვიდობა იყოს, ჩვენ არ უნდა ვიყოთ სუსტები. ამიტომ, ჩვენ უნდა შევხედოთ სიტუაციას ფხიზლად და მონდომებით, ნებისყოფით და გაბედულად ვთქვათ, რომ მზად ვართ ჩავდოთ რესურსები მიზნის მისაღწეცად, რათა რუსეთმა არ გაიმარჯვოს“, - განაცხადა მაკრონმა.
შეგახსენებთ, რომ ემანუელ მაკრონმა ადრე განაცხადა, რომ „დასავლური ჯარების უკრაინაში გაგზავნა არ არის გამორიცხული“. შემდგომში მან დაამატა, რომ მისი რეზონანსული სიტყვები საგულდაგულოდ იყო გააზრებული.