ტელეკომპანია "მაესტროს" გენერალური დირექტორი კახა ბექაური ეროსი კიწმარიშვილს უპირისპირდება.
"ტელეკომპანია "მაესტრო" ეროსი კიწმარიშვილის პოლიტიკურ ამბიციებს ეწირება", -
აღნიშნული სკანდალური განცხადება ბექაურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მისი განმარტებით, "მაესტროს" ფინანსური პრობლემები აქვს, რაშიც მთავარი დამნაშავე სწორედ კიწმარიშვილია.
"მას შემდეგ, რაც ბატონმა კიწმარიშვილმა გააკეთა პოლიტიკური პარტია, მოინდომა, რომ "მაესტრო" ყოფილიყო "ქართული პარტიის" ინტერესების გამტარებელი და შესაბამისად, სცადა გადაეკეტა არხისთვის ფინანსური წყაროები, რომ ჯერ გენერალური დირექტორი გაეთავისუფლებინა, შემდეგ კი მისი მიზნები განეხორციელებინა", - განმარტა ბექაურმა.
მისი განმარტებით, ფინანსური პრობლემების გამო "მაესტრო" მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე გადადის.
"ფინანსებს, როგორც "მაესტროს" მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, სწორედ ეროსი კიწმარიშვილი განკარგავდა, ბოლო პერიოდში კი მან არხს სერიოზული პრობლემები შეუქმნა, რის გამოც ჟურნალისტები გადაღებებზე ვეღარ დადიან. ამის გამო მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე გადავდივარ", - დასძინა მან.