საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მარტში ლუქსემბურგთან გასამართი ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალური მატჩისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა.
მთავარი ამბავი ის არის, რომ ნაკრებში ჯაბა კანკავა ბრუნდება. ბრატისლავის სლოვანის ნახევარმცველმა, რომელიც 18 მარტს 38 წლის ხდება, ეროვნული გუნდის მაისურით ბოლოს 2021 წლის ოქტომბერში საბერძნეთთან წაგებულ (0:2) მატჩში ითამაშა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის ეგიდით შედგა. მას მერე ჯაბამ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა, საქართველოს ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესი საპლეიოფო მატჩის წინ კი, გადაწყვეტილება შეცვალა.
შემადგენლობა:
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია), გიორგი ლორია (დინამო თბილისი) ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი).
მცველები: საბა კვერკველია (ალ ოხდუდი), საბა საზონოვი (ტორინო), გურამ კაშია (სლოვანი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი), ლაშა დვალი (აპოელ), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო ბათუმი), ლევან შენგელია (პანეტოლიკოსი), გიორგი წიტაიშვილი (დინამო ბათუმი), გიორგი გოჩოლეიშვილი (დონეცკის შახტარი)
ნახევარმცველები: ოთარ კიტეიშვილი (გრაცის შტურმი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგერი), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა), ჯაბა კანკავა (სლოვანი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი).
თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე (მეცი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე), გიორგი ქვილითაია (აპოელ), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო).
საქართველოსა და ლუქსემბურგის ნაკრებთა მატჩი 21 მარტს, "დინამო არენაზე" გაიმართება. გამარჯვების შემთხვევაში ვილი სანიოლის გუნდი ფინალში გავა, სადაც 26 მარტს, ისევ თბილისში, მეორე ნახევარფინალურ წყვილში, საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.