შეერთებული შტატები უკრაინას გადასცემს 300 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა ბრიფინგზე განაცხადა.
„დღეს, პრეზიდენტ ბაიდენის სახელით, ვაცხადებ 300 მილიონი აშშ დოლარის გადაუდებელი დახმარების პაკეტს, რომელშიც შედის იარაღი და აღჭურვილობა, უკრაინის ზოგიერთი ყველაზე კრიტიკული საჭიროების დასაკმაყოფილებლად“, - თქვა სალივანმა.
სალივანის თქმით, პაკეტისთვის სახსრები "გაუთვალისწინებელი ეკონომიის" გამო გაჩნდა, პენტაგონის მიერ უკვე გაფორმებულ კონტრაქტებში კიევისთვის გადაცემული იარაღის ჩასანაცვლებლად, ამიტომ აღნიშნული პაკეტის გადაცემა ამერიკის უსაფრთხოებაზე არ აისახება.
"ეს პაკეტი, რომელსაც ჩვენ ვაცხადებთ, შეიცავს დიდი რაოდენობით საარტილერიო ჭურვებს, GLMRS-ის ჭურვებს HIMARS-ის სისტემებისთვის. ეს არის დახმარება, რომელიც უკიდურესად სჭირდება უკრაინას რუსული თავდასხმებისგან თავის დასაცავად", - აღნიშნა სალივანმა.