უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ფრანგი სამხედროები უკრაინაში არ დაიღუპებიან და ვიდრე უკრაინა გაუძლებს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას. ამის შესახებ ზელენსკიმ BFMTV-ის ეთერში ისაუბრა.
ზელენსკიმ კომენტარი გააკეთა მაკრონის განცხადებაზე, რომელშიც მან თქვა, რომ დასავლური ჯარების უკრაინაში გაგზავნას არ გამორიცხავს.
„ვიდრე უკრაინა დგას, საფრანგეთის არმია იქნება საფრანგეთის ტერიტორიაზე, მაგრამ თუ პუტინი ნატო-ს ამა თუ იმ ქვეყნის წინააღმდეგ წავა, ნატო-ს ქვეყნები გადაწყვეტენ, როგორ და რა რაოდენობით გაგზავნონ ან არ გაგზავნონ ჯარისკაცები, არმია, საბრძოლო ბრიგადები და ბატალიონები“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ზელენსკის ჰკითხეს, რას ეტყოდა ფრანგებს, რომლებსაც ეშინიათ, რომ საფრანგეთი ან სხვა ევროპული სახელმწიფოები ომში ჩაერთვებიან და წუხან, რომ „მათი შვილები უკრაინაში დაიღუპებიან“.
"თქვენი შვილები უკრაინაში არ დაიღუპებიან. თუ რუსეთი შეიჭრება ნატო-ს ქვეყნებში, მაშინ თქვენი შვილები, შეიძლება გააგზავნონ ნატო-ს რომელიმე ქვეყნის ტერიტორიაზე. ეს სხვა საკითხია. და ეს იქნება მოკავშირეების გადაწყვეტილება ნატო-ს ფარგლებში," -განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინას არ სჭირდება უცხოელი სამხედროების ჩართვა,მაგრამ დაინტერესებული იქნება უცხოელი ინსტრუქტორების და ტექნიკური პერსონალის არსებობით იმ ქვეყნებიდან, რომლებიც უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.