პუტინმა წამოიწყო ეს ომი და მას შეუძლია მისი დასრულება. უკრაინას ეს შესაძლებლობა არ აქვს. დანებება არ არის მშვიდობა, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს შტაბბინასთან შვედეთის დროშის აღმართვის ცერემონიალის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ნატო დღეს უფრო დიდი და ძლიერია, ვიდრე ორი წლის წინ, რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებამდე იყო. ამასთან, როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, უკრაინაში ომის დასრულება რუსეთს შეუძლია და არა უკრაინას.
„პრეზიდენტმა პუტინმა ორი წლის წინ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა როცა დაიწყო, მას სურდა ნაკლები ნატო და მეტი კონტროლი თავის მეზობლებზე. მას სურდა უკრაინის სუვერენული სახელმწიფოს განადგურება, მაგრამ ეს ვერ შეძლო. ნატო უფრო დიდი და ძლიერია, ხოლო უკრაინა ნატო-ს წევრობასთან იმაზე მეტადაა ახლოს, ვიდრე ოდესმე ყოფილა. მაშინ, როდესაც მამაცი უკრაინელები აგრძელებენ ბრძოლას თავისუფლებისთვის, ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ. პუტინმა დაიწყო ეს ომი და მას შეუძლია მისი დასრულება. უკრაინას ეს შესაძლებლობა არ აქვს. დანებება არ არის მშვიდობა. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის გაძლიერება, რათა ვაჩვენოთ პრეზიდენტ პუტინს, რომ ის ბრძოლის ველზე სასურველ შედეგს ვერ მიიღებს და უნდა დაჯდეს მოსალაპარაკებლად იმგვარ გამოსავალზე, როდესაც უკრაინა აღიარებულია და დარჩება სუვერენულ, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.