რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ უკრაინამ უნდა გამოიჩინოს გამბედაობა და დაიწყოს მოლაპარაკებები რუსეთთან ომის დასრულებასთან დაკავშირებით.
ამის შესახებ რომის პაპმა შვეიცარიულ მაუწყებელ RSI-სთვის ჩაწერილ ინტერვიუში განაცხადა.
ინტერვიუში რომის პაპ ფრანცისკეს ჰკითხეს, რას ფიქრობს ერთი ნაწილის პოზიციის შესახებ, რომ უკრაინამ უნდა დათმოს და მეორე ნაწილის მოსაზრებაზე, რომ ასეთი დათმობები აგრესიული მხარის ქმედებების ლეგიტიმაციას მოახდენს. ჟურნალისტმა კითხვაში ტერმინი „თეთრი დროშა“ გამოიყენა.
”ეს არის ერთ-ერთი ინტერპრეტაციაა, ეს მართალია,” - თქვა პაპმა ინტერვიუში, რომლის ჩანაწერის ნაწილი Reuters-მა მოიპოვა. თავად ინტერვიუ კი ახალი გადაცემის ფარგლებში 20 მარტს უნდა გავიდეს ეთერში.
”ვფიქრობ, ყველაზე ძლიერი ის არის, ვინც აკვირდება სიტუაციას, ფიქრობს ხალხზე, აქვს თეთრი დროშის აღმართვის გამბედაობა და აწარმოებს მოლაპარაკებებს”, - თქვა პაპმა ფრანცისკემ და დასძინა, რომ მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს სხვა ქვეყნების შუამავლობით.
„სიტყვა „მოლაპარაკება“ სინამდვილეში გაბედული სიტყვაა. როცა ხედავ, რომ კარგავ, რომ ყველაფერი კარგად არ მიდის, მოლაპარაკების გამბედაობა უნდა გქონდეს“, - თქვა პაპმა.