დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ქემერონი ეწინააღმდეგება უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნას, თუნდაც საწვრთნელი მისიებით, რადგან ისინი შეიძლება რუსი სამხედროების სამიზნეები გახდნენ.
შეკითხვაზე, ფიქრობს თუ არა მიზანშეწონილად გამორიცხოს უკრაინაში ჯარების გაგზავნა არსებულ ვითარებაში, ქემერონმა უპასუხა:
"საწვრთნელი მისიები უკეთესად შესრულდება ქვეყნის ფარგლებს გარეთ. დიდ ბრიტანეთში 60 ათასი უკრაინელი ჯარისკაცი მოვამზადეთ."
ქემერონი დარწმუნებულია, რომ უკრაინაში უცხოური მისიის განთავსება რუსეთისთვის სამიზნეებს შექმნის.
„ჩვენ უნდა ავიცილოთ თავიდან პუტინისთვის აშკარა სამიზნეების შექმნა“, - განაცხადა ქემერონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გასულ კვირას თქვა, რომ უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნის შესაძლებლობა "გამორიცხული არ არის". შემდგომში მან დაამატა, რომ მისი რეზონანსული სიტყვები საგულდაგულოდ იყო გააზრებული და აწონილ-დაწონილი.