რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის გაცვლას იამალის კოლონიაში მისი სიკვდილის დღეს განიხილავდა.
ამის შესახებ გამოცემა „აგენტსტვო“ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
სააგენტოს ორი თანამოსაუბრის თქმით, ნავალნის გარდაცვალების შესახებ პირველი ცნობების გავრცელებამდე დაახლოებით ოთხი საათით ადრე პუტინმა პირადი შეხვედრა გამართა ბიზნესმენ რომან აბრამოვიჩთან. ერთ-ერთი წყარო ირწმუნება, რომ ამ შეხვედრისას პრეზიდენტი სიტყვიერად დათანხმდა გაცვლას.
თავის მხრივ, გამომძიებელი ჟურნალისტი ჰრისტო გროზევი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტის თანხმობა მოჩვენებითი იყო. „ვფიქრობ, რომ ეს იყო ან მკვლელობის გეგმების დამალვა, ან სტრატეგიული ნაბიჯი, რათა მოლაპარაკებები დაესრულებინათ", - თქვა მან.
გამოცემის მონაცემებით, გაცვლის შესახებ მოლაპარაკებები 2023 წლის გაზაფხულიდან მიმდინარეობდა. გამოცემასთან ოთხივე მოსაუბრე აცხადებს, რომ ნავალნის გაცვლას მოითხოვდა მისი ოჯახი.
2023 წლის შემოდგომაზე, The Wall Street Journal-ის სტატიის შემდეგ, მოლაპარაკებები ნავალნის სავარაუდო გაცვლის გარშემო მკვლელ ვადიმ კრასიკოვზე, რომელსაც გერმანიაში სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, შეჩერდა. მოლაპარაკებები კვლავ განახლდა ზამთარში, როცა ნავალნი გადაიყვანეს კოლონიაში, ჩრდილოეთში.
როფორც „აგენტრსტვო“ წერს, მაშინ ნავალნის ოჯახმა დასავლეთი დაარწმუნა, რომ სამზადისი დაიწყო „რაღაც ცუდისთვის“.
"აგენტსტვოს" წყაროების თქმით, რუსეთი მზად იყო, გაეთავისუფლებინა ნავალნი, ამერიკელი ჟურნალისტი, ევან გერშკოვიჩი და გადამდგარი ამერიკელი საზღვაო ქვეითი, პოლ უილანი.
სანაცვლოდ პუტინი მიიღებდა კრასიკოვს და კიდევ ვინმეს, აშშ-ში გასამართლებული რუსებისგან".
ნავალნი საგანგებო რეჟიმის კოლონიაში 16 თებერვალს გარდაიცვალა. მისი სიკვდილის შესახებ დასკვნაში ნათქვამია, რომ პოლიტიკოსი გარდაიცვალა ბუნებრივი მიზეზებით. პოლიტიკოსის მომხრეები მიიჩნევენ, რომ ის მოკლეს.