დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ქემერონმა გერმანიას მოუწოდა, უკრაინას შორი მანძილის რაკეტების გადასცეს.
„რაც შეეხება შორი მოქმედების იარაღს, დიდი ბრიტანეთის გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, რამდენად ეფექტურად დაეხმარა ასეთი იარაღი უკრაინას უკანონო აგრესიის მოგერიებაში“, - განაცხადა მან ბერლინში გერმანელ კოლეგასთან ანნალენა ბარბოკთან შეხვედრის შემდეგ.
ლონდონი, სხვა იარაღთან ერთად, უკრაინას აწვდის შორ მანძილზე მოქმედ Storm Shadow-ის რაკეტებს. ამავდროულად, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი არ ეთანხმება კიევში შორი რადიუსის TAURUS-ის რაკეტების გადაცემას, იმის შიშით, რომ ეს გერმანიის ომში ჩართვას გამოიწვევს. ქემერონმა კატეგორიულად უარყო მოსაზრება, რომ უკრაინაში ახალი იარაღის სისტემების მიწოდებამ, შესაძლოა, ომის ესკალაცია გამოიწვიოს.
„ასეთი დებატები არაერთხელ გამართულა რუსეთის შეჭრის შემდეგ. მაგალითად, ითქვა: თუ უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო იარაღს მივაწოდებთ, ესკალაცია იქნება. არა, ასე არ მოხდა. მათ თქვეს, რომ თუ უკრაინას ტანკებს გადავცემთ, ესკალაცია იქნება. ეს ასევე არ მომხდარა. ამბობდნენ, თუ უკრაინას შორი მოქმედების არტილერიას ან შორი მოქმედების რაკეტებს მივცემთ, ესკალაცია იქნება. არა, ისევ არაფერი მომხდარა", - განაცხადა ქემერონმა.
„თუ ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის დახმარებაზე უკანონო და სრულიად გაუმართლებელი აგრესიისგან თავის დაცვაზე, მაშინ არანაირი დაბრკოლება არ უნდა არსებობდეს. ვიდრე არ აღმოვჩნდებით ისეთ სიტუაციაში, როდესაც ნატო-ს ჯარისკაცი მოკლავს რუს ჯარისკაცს. ჩვენ ხელს ვუწყობთ არა ესკალაციას, არამედ ვეხმარებით უკრაინას თავის დაცვაში“, - აღნიშნა ქემერონმა.