მეკურდღლეობა, მესაქონლეობა, მეფრინველეობა, მეფუტკრეობა, ავეჯის წარმოება, სოკოს მოყვანა, კონდიტერია - ეს იმ ბიზნესის ჩამონათვალია, რასაც საგურამოში (წინამძღვრიანთკარი) ჩასახლებული დევნილები ეწევიან და საკმაოდ ხელგამართულად ცხოვრობენ. ბიზნესი კი დევნილთა სამინისტროს, გაეროსა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დახმარებით წამოიწყეს.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა კობა სუბელიანმა დევნილთა ბიზნესწარმოება გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის წარმომადგენელთან - დრაგან ანგელოვსკისთან ერთად დაათვალიერა, დევნილ მეწარმეებს შეხვდა და ბიზნესის გაფართოვებაზეც ესაუბრა. როგორც დევნილებმა აღნიშნეს, საკმაოდ გამართულად ცხოვრობენ, საკუთარი შემოსავალი გააჩნიათ და ეხლა მხოლოდ ბაზრის გაფართოვებაზე ფიქრობენ.
თემურ ტაბატაძე, ფრონეს ხეობიდან დევნილი: „სანამ, ომი დაიწყებოდა, 14 წელი საკონდიტრო საქმით ვიყავი დაკავებული. საკუთარი საცხობი მქონდა და ჯავასა და ცხინვალს ვამარაგებდი. ომის შემდეგ ყველაფრის გარეშე დავრჩი. სამინისტროსა და დონორების დახმარებით ბიზნესი თავიდან დავიწყე და თავად ხედავთ, როგორც ვარ. ჩემი წარმოებული პროდუქციით მცხეთას, წეროვანსა და თბილისს ვამარაგებ. მადლობის მეტი რა მეთქმის. თუ შრომა გიყვარს, სოფლად გამართულად იცხოვრებ."
დევნილმა სეირამ დავითიძემ კი სოკოს ბიზნესი წამოიწყო: „წელს, ერთ მოკრეფაზე 500 კილო სოკო ავიღე. სოკოს ორ დღეში ერთხელ ვკრეფ და 6 ლარად ვაბარებ. ძირითადად „ნავთლუღის ბაზარში" მიმაქვს, მოთხოვნილება დიდია და შესაბამისად, გასაღების პრობლემა არ მაქვს. ეს საქმე კი სამინისტროს ხელშეწუობითა და ჩეხეთის მთავრობის დაფინასებით გავაკეთე. ჩემმა ბიზნესმა გაამართლა."
როგორც მინისტრმა, კობა სუბელიანმა აღნიშნა, ვისაც შრომა უყვარს, მსგავსი ალტერნატივა ყველასთვის ხელმისაწვდომია: „რეგიონებში განსახლების პარალელურად, დევნილებს ხელს ვუწყობთ, მეურნეობით დაკავდნენ. დაიწყონ მეცხოველეობა, სოკო მოიყვანონ და ასე სემდეგ. სოკოს კილოს 6 ლარად აბარებენ, რაც თვეში 2 500 ლარია. ოპონენტები, ვინც ცილს გვწამებს, სოპელში ხალხმა რა ჭამოსო, ვისაც შრომა უნდა და ვისაც შრომა შეუძლია ეს ალტერნატივები არსებობს. ჩვენი პატრნიორი ორგანიზაციები - გაეროს, ევროკავშირის, ამერიკის ხელისუფლების, ჩეხეთის მთავრობის დახმარებით ეს ადამიანები სხვის დახმარებაზე არ არიან დამოკიდებული. თავიანთი შემოსავალი გაიჩინეს. ქათმები, ძროხები ჰყავთ, სოკო მოყავთ და ყველანაირად არიან უზრუნველყოფილები. რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი დახმარება სჭირდებათ, გასაკეთებელი, მაგრამ საწყისი ეტაპისთვის ეს საკმარისია. თბილისში, კარვებში ჯდომა გამოსავალი არ არის."
პერიოდულად მინისტრი სხვა რეგიონებშიც ჩავა და დევნილთა მეურნეობებს დაათვალიერებს.