უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩის პოსტზე ვალერი ზალუჟნის კანდიდატურა წარადგინა, შესაბამისი მოთხოვნა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბრიტანულ მხარეს გაუგზავნა.
ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ ზალუჟნი მას დიპლომატიური მიმართულების შესახებ ესაუბრა.
„დღეს დავთანხმდი დიდ ბრიტანეთში ჩვენი ქვეყნის ელჩის კანდიდატურას. გენერალი ვალერი ზალუჟნი სწორედ ამ დიპლომატიურ მიმართულებაზე მელაპარაკა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაუგზავნა შესაბამისი მოთხოვნა. ჩვენი თანამშრომლობა ბრიტანეთთან უნდა გაძლიერდეს,” - განაცხადა ზელენსკიმ.
8 თებერვალს ვოლიდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას ვალერი ზალუჟნის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად გენერალ-პოლკოვნიკი ოლექსანდრ სირსკი დანიშნა.