საქართველოს პროკურატურა წინასაახალწლოდ მცხეთის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლს ესტუმრა. 2010 წლის 29 დეკემბერს მცხეთის პროკურატურის წარმომადგენლები სოფელ ძეგვში მდებარე წმინდა გიორგი მთაწმინდელის დედათა მონასტერთან არსებულ შრომისუუნარო და ფსიქო-ნევროლოგიური პათოლოგიების მქონე სარეაბილიტაციო ცენტრს ეწვივნენ, სახლის აღსაზრდელებს დამდეგი ახალი წელი მოულოცეს და საჩუქრები გადასცეს.
მცხეთის რაიონულმა პროკურორმა ლევან სალიამ აღნიშნა, რომ სადღესასწაულო დღეებში საქველმოქმედო აქციების მოწყობა საქართველოს პროკურატურის მხრიდან ტრადიციად იქცა. `ჩვენი თანამშრომლები აქციაში ენთუზიაზმით ჩაერთვენ. მათ საკუთარი ხელფასებიდან შეიძინეს საჩუქრები, ბევრმა მათგანმა სახლებიდან მოიტანა საჭირო ნივთები ბავშვებისთვის, რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდებათ საზოგადოების ყურადღება და მზრუნველობა. ჩვენი ვიზიტი არ არის მხოლოდ საახალწლოდ ერთჯერადი საქველმოქმედო აქცია, პროკურორები ძეგვის ბავშვთა სახლს ხშირად ვსტუმრობთ~ _ განაცხადა მცხეთის რაიონულმა პროკურორმა ლევან სალიამ.
ძეგვში სტუმრობის შემდეგ პროკურორებმა ბავშვები მცხეთის ცენტრალურ სკვერში საახალწლო ნაძვის ხის თეატრალიზებულ წარმოდგენასა და ატრაქციონებზე დაპატიჟეს.
საქველმოქმედო აქცია პროექტ `საზოგადოებრივი პროკურატურის~ ფარგლებში გაიმართა. საქართველოს პროკურატურა პროექტს სახელწოდებით `საზოგადოებრივი პროკურატურა" 2006 წლიდან ახორციელებს. პროექტის მიზანია დანაშაულის პრევენციის მიმართულებით პროკურატურის გააქტიურება, არასრულწლოვანთა დანაშაულებრივი გზიდან არიდება და მათთან მჭიდრო კავშირით მოზარდებისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია