პრაღაში გამართულ პრესკონფერენციაზე საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს კვლავ სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა მის ბოლო განცხადებაზე უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების ჯარების გაგზავნის შესაძლებლობის შესახებ. იუწყება BBC
მაკრონის სიტყვებმა კრემლის უკიდურესად მძაფრი რეაქცია და ნატო-ს ქვეყნებში გამართული დისკუსია გამოიწვია. ნატო-ს ქვეყნებმა არ დააყოვნეს და სწრაფადვე განაცხადეს, რომ სამხედროების გაგზავნის საკითხი არ დამდგარა.
მოგვიანებით, საფრანგეთის მთავრობის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ სამხედროები უკრაინაში გაგზავნის შემთხვევაში საომარ მოქმედებებში მონაწილეობას არ მიიღებდნენ.
მაკრონმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი სიტყვები სრულიად გამართლებულია.
„მნიშვნელოვანი იყო [ამის თქმა], რადგან ჩვენ ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ომი ჩვენზე ზეგავლენას ახდენს. ჩვენ არასდროს გვინდოდა, რომ ყველაფერი ისე ყოფილიყო, როგორც არის, მაგრამ ახლა მკაფიოდ უნდა განვაცხადოთ, როგორც ამას უკვე ორი წელია ვამბობთ სხვადასხვა პრესკონფერენციაზე, რომ ომი ევროპის მიწაზე ბრუნდება. უკვე ორი წელი გავიდა! ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ რამდენი [დახმარება უკრაინას] უკვე მიეწოდა. ეს ჩვენი ომია თუ არა? შეგვიძლია ზურგი ვაქციოთ მოვლენების მიმდინარეობის გათვალისწინებით? მე ასე არ ვფიქრობ. ასე რომ, მე მოვუწოდებდი სტრატეგიული გარღვევისკენ და ეს არის ის, რასაც ყოველთვის ვამბობ, - განაცხადა მაკრონმა.