4 მარტს, რუსეთში, საგანმანათლებლო მარათონზე, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ დნიპროს ორივე ნაპირზე არსებული ტერიტორიები რუსეთის განუყოფელი ნაწილია. ამასთან, მან გაიხსენა უკრაინის მეორე პრეზიდენტის, ლეონიდ კუჩმას წიგნი "უკრაინა რუსეთი არ არის".
„ჩვენს ყველა მოწინააღმდეგეს მტკიცედ და ყოველთვის უნდა ესმოდეს მარტივი ჭეშმარიტება: დნიპროს ორივე ნაპირზე არსებული ტერიტორიები რუსეთის სტრატეგიული ისტორიული საზღვრების განუყოფელი ნაწილია.
ერთხელ უკრაინის ერთ-ერთმა ყოფილმა ლიდერმა თქვა, რომ უკრაინა რუსეთი არ არის. ეს კონცეფცია სამუდამოდ უნდა გაქრეს. უკრაინა, რა თქმა უნდა, რუსეთია, - განაცხადა მედვედევმა.
მედვედევი უკრაინას უწოდებს "მალოროსიას" და "სახელმწიფოს, რომელიც არ შედგა", ხოლო მის მოქალაქეებს "ევროპის მონებს", "ყრუ-მუნჯ მსახურებს" და "სახარჯ მასალას".
მას ასევე მიაჩნია, რომ უკრაინელებსა და რუსებს აქვთ საერთო ისტორია, ენა, რწმენა და „წარმოდგენები ყოველდღიურ ცხოვრებაზე“ და ამიტომ უნდა იყვნენ ერთი სახელმწიფოს შემადგენლობაში.