საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ საუკეთესო ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსის ავტორი 25 მასწავლებელი დააჯილდოვა. მათ მონაწილეობა მიიღეს სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტრენინგების პროგრამაში "ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში". ტრენინგების განმავლობაში მასწავლებლებმა ისტ-ით გამდიდრებული გაკვეთილის გეგმები და სასწავლო პროექტები შექმნეს, რისთვისაც ყველაზე მაღალი შეფასებები დაიმსახურეს.
გამარჯვებული მასწავლებლები მონაწილეობას მიიღებენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ერონული ცენტრის მიერ ინიცირებულ პროექტში "ელექტრონული საგანმანათლებლო თამაშები", ასევე მათ დამატებითი ანაზღაურება დაენიშნებათ. მსგავსი პროექტის ფარგლებში, 2010 წელს მასწავლებლებმა უკვე შექმნეს საგანმანათლებლო თამაშები სხვადასხვა საგნობრივ ჯგუფში, ორი საუკეთესო პროექტის ავტორი კი ევროპული სასკოლო ქსელის 25-ე საერთაშორისო კონფერენციაზე გაემგზავრება, რომელიც დანიაში 9-დან 13 მარტის ჩათვლით გაიმართება.
2010 წელს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საბაზო და მე-2 დონის ტრენინგ-კურსები 5710 მასწავლებლმა გაიარა. მათ მიერ მომზადებული მასალები განთავსებულია ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსების საცავში წწწ.ლემილლ.ნეტ და პირად ბლოგებზე. 2011 წელს დამატებით 12000 მასწავლებლის და 700 ინფორმაციული მენეჯერის მომზადება იგეგმება.