საქართველოში ევროკავშირი ელჩი, პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის თანხვედრის ხარისხი ევროკავშრის საგარეო პოლიტიკასთან დაბალია.
"ახლა თანხვედრის ხარისხი დაბალია, განსაკუთრებით სხვა ქვეყნებთან შედარებით. ჩვენ საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ვმუშაობთ იმაზე, რომ ეს მაჩვენებელი გაიზარდოს. როდესაც დადგება მომენტი, როცა საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდება, მისი საგარეო პოლიტიკა იყოს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის იდენტური. სამწუხაროდ, ამ მომენტისთვის, თანხვედრის ხარისხი არის დაბალი. პოზიტიური ისაა, რომ ის ღრმავდება, მაგრამ მაინც დაბალია. საქართველოს აქვს გრძელი გზა გასავლელი, რომ ჰქონდეს ზუსტად ისეთივე პოზიცია საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკის კუთხით. ჩვენ ველით, რომ ყველა კანდიდატ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან 100%-იანი თანხვედრა ექნება", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა დაამატა, რომ ამ მხრივ წარმატების მისაღწევად უცხოურ დეზინფორმაციასთან, განსაკუთრებით რომლის სამიზნე დასავლეთია, ბრძოლა მნიშვნელოვანი ასპექტია.
"უცხოურ დეზინფორმაციასთან და მანიპულაციასთან ბრძოლა პირველი ნაბიჯია. რომლის სამიზნე ევროკავშირი და დასავლეთია. აქ ჩვენ ვხედავთ გაუმჯობესებას მას შემდეგ, რაც საქართველო კანდიდატის სტატუსი მიიღო. ნათელია, რომ ეს 27 ლიდერის სწორი გადაწყვეტილება იყო. თუმცა, წელს , როდესაც არჩევნებია საქართველოში და ევროკავშირშიც, დეზინფორმაცია, რომლის სამიზნეა ევროკავშირი, აშკარაა, რომ გაღრმავდება. ვისურვებდით, ვიმუშაოთ ყველასთან, რათა საქართველოს მოსახლეობა კარგად იყოს ინფორმირებული", - თქვა მან.