უკრაინული მედიის ცნობით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეორე წლისთავზე ოდესაში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა.
ბერბოკი ოდესაში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან ერთად ჩავიდა. ეს მისი მეექვსე ვიზიტია უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ.
ჟურნალისტებთან საუბრისას კულებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „უკრაინის გამარჯვებისთვის საჭირო ყველა გადაწყვეტილება მიღებული იქნება“ და რომ გერმანია „აქ მთავარ როლს ითამაშებს“.
"731 დღე, ორი წელი პუტინს სურდა უკრაინის ხალხის გატეხვა. უკრაინელები არასოდეს ყოფილან ასე ერთიანები, ჩვენ, როგორც ევროპელები, არასდროს ვყოფილვართ ასე ერთიანი", - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისმა გერმანელმა კოლეგამ დასძინა, რომ გერმანია ყველაფერს აკეთებს უკრაინას მხარდასაჭერად „იმის გაცნობიერებით, რომ ეს შეიძლება ჩვენც დაგვემართოს“.
ბერბოკმა და კულებამ მოინახულეს ოდესის პორტი და ფერისცვალების ტაძარი, რომლებიც ძლიერ დაზიანდა რუსული დაბომბვის შედეგად.
დღეს, სრულმასშტაბიანი ომის მეორე წლისთავზე კიევში ჩავიდნენ კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ დე კროო და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.
უკრაინაში ასევე ჩავიდა ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი.
გარდა ამისა, 24 თებერვალს დასავლეთის ქვეყნების ლიდერებმა, საგარეო საქმეთა მინისტრებმა და დიპლომატებმა გამოაქვეყნეს არაერთი განცხადება და ვიდეომიმართვა სრულმასშტაბიანი ომის დაწყების 2 წლისთავთან დაკავშირებით და სოლიდარობა გამოუცხადეს უკრაინას.