1921 წელს რუსეთის არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ ქართველ იუნკერთა ხსოვნის პატივსაცემად, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, პრემიერ - მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ და პარლამენტის წევრებმა პარლამენტის სასახლის შიდა ეზოში არსებული იუნკერთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.
„დღეს, დაღუპული იუნკერების ხსოვნის საპატივცემულო დღეა, იუნკერების - ახალგაზრდა ბიჭების და გოგოების, რომლებმაც საბჭოთა ოკუპაციას წინააღმდეგობა გაუწიეს და წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეცნენ.
ეს დღე ჩვენ ყოველთვის გვახსენებს, რომ ქართველი ერი არასდროს ურიგდება იმას, რომ მისი ქვეყანა იყოს დაქვემდებარებული, იყოს ოკუპირებული, იყოს ქვეყანა, რომელსაც განიხილავენ როგორც ნაწილს და პროვინციას. ამიტომ, ეს ბრძოლის სული, ეს ბრძოლის ჟინი ყოველთვის არის ქართველებში.
ეს დღე, ასევე, გვაგონებს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას დღესაც. იუნკერების მიერ თავდადებული ბრძოლა ოკუპაციის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, არ უნდა დავივიწყოთ და ჩვენი ქვეყნის ოკუპაციიდან სრულად გათავისუფლების საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ, რომელიც უნდა დასრულდეს ჩვენი ქვეყნის ერთიანობით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის ეზოში არსებულ ხარების სამლოცველოში იუნკერთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღევლინა, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარესთან, დეპუტატებთან და სტუმრებთან ერთად, იუნკერების შთამომავლებიც ესწრებოდნენ.
1921 წლის 23 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიის ჯარისკაცებთან უთანასწორო ბრძოლას, ქართველ იუნკერთა დიდი ნაწილი ემსხვერპლა.