„მივმართავ საქართველოს პარლამენტს, განათლების კომიტეტს, გახსენით დისკუსია, მოუსმინეთ სპეციალისტებს და გულშემატკივრებს, მეგრული, სვანური, ლაზური და წოვა-თუშური ენების გადასარჩენად. ნებისმიერი ენა ინსტიტუციური მხარდაჭერის გარეშე მოკვდება“- „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გამოდის ინიციატივით, შეიქმნას მეგრული, სვანური, ლაზური და წოვა-თუშური ენების გადარჩენის და პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამა.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანა წითლიძემ პარლამენტში „თავისუფალი ტრიბუნის“ ფორმატში მეგრულად ისაუბრა და გამოსვლისას განმარტა, აღნიშნული ქმედებით იმის ჩვენება სურს, რომ ენა მისი იდენტობის ნაწილია.
„გუშინ მშობლიური ენის დღე იყო, რომელსაც ყველა ქვეყანაში აღნიშნავენ, ამიტომ, მე მინდა პარლამენტის ტრიბუნიდან მეგრულად წარვდგე. მეგრულად იმის საჩვენებლად ვსაუბრობ, რომ ენა ჩემი იდენტობის ნაწილია. მეგრული ენა ახლა სიკვდილის პირას დგას და ჩემი ვალია ერთი აგური მაინც დავდო ჩემი ენის გადარჩენის საქმეში. მე მჯერა, რომ მეგრულის, სვანურის, ლაზურისა და წოვა-თუშურის გადარჩენა ბევრს ჩემსავით უთბობს გულს, როგორც საქართველოს პარლამენტში, ისე მის გარეთაც“,- განაცხადა ანა წითლიძემ მეგრულ ენაზე.
„ბატონო გია [ვოლსკი], მე ვიქნები თქვენი პირველი გულშემატკივარი, თუ თუნდაც საარჩევნოდ გააკეთებთ იმას, რასაც ახლა მე გთხოვთ საქართველოს პარლამენტს და მე ვიქნები, ვინც „ქართულ ოცნებას“ მადლობას გეტყვით, თუ თქვენ გადაარჩენთ მეგრულ, სვანურ, ლაზურ, წოვა-თუშურ ენებს. ჩემი სიტყვა მეგრულ ენაზე წარმოვთქვი, რომელიც ქართველური ენების ოჯახიდანაა და ზუსტად ისეთივე მშობლიურია, როგორც ქართული. გუშინ იყო მშობლიური ენის საერთაშორისო დღე და მე მეგრულადაც ვთქვი: ორი მშობლიური ენა მაქვს, მეგრული და ქართული, ქართული და მეგრული და მათ ერთმანეთისგან არ ვასხვავებ. ვიცი, რომ პარლამენტის ტრიბუნიდან და არა მხოლოდ, ამ საკითხზე საუბარს გამბედაობა სჭირდება. რისკებს შეიცავს, რომ არაკეთილსინდისიერად იყოს განმარტებული, მაგრამ ჩემი გამბედაობა არაფერია იმასთან შედარებით, რა საფრთხის წინაშეა მეგრული, სვანური, ლაზური, წოვა-თუშურ ენები და არაფერია იმასთან შედარებით, რომ ამ ენებს გაქრობა ემუქრებათ. მინდა, სწორედ ამ საფრთხეებზე გესაუბროთ და მხარდაჭერა გთხოვოთ უმრავლესობასაც და ოპოზიციასაც.
მინდა, პარლამენტის ტრიბუნიდან სწორედ ამის მაგალითი მოგცეთ, რომ მიუხედავად განსხვავებული პოზიციებისა, შევძლოთ ქართული სახელმწიფოს მრავალფეროვნების და სიმდიდრის დაცვა. არაფერი იმაზე შეურაცხმყოფელი არაა, სეპარატიზმი დააბრალო მეგრულის, სვანურის, ლაზურის, წოვა-თუშურის მექომაგეებს, საქართველოს ათასობით მოქალაქეს.
„მივმართავ საქართველოს პარლამენტს, განათლების კომიტეტს, გახსენით დისკუსია, მოუსმინეთ სპეციალისტებს და გულშემატკივრებს, მეგრული, სვანური, ლაზური და წოვა-თუშური ენების გადასარჩენად. ნებისმიერი ენა ინსტიტუციური მხარდაჭერის გარეშე მოკვდება“- განაცხადა ანა წითლიძემ.