სალომე ზურაბიშვილი თუ სააკაშვილს შეწყალებს, ქართველი ხალხის რისხვას თავიდან ვერ აიცილებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაია განაცხადა.
მისი თქმით, მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის სალომე ზურაბიშვილისთვის მიმართვას სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, არა შემთხვევით ნათქვამი არ ყოფილა და ის კარგად კოორდინირებული საქმიანობის ნაწილია.
„ვფიქრობ, ეს არ იყო შემთხვევით ნათქვამი, მათ შორის პრეზიდენტისთვის. ვფიქრობ, ეს არის კარგად კოორდინირებული საქმიანობის ნაწილი. არ შემიძლია წინასწარ პროგნოზი, რას იზამს საქართველოს პრეზიდენტი. უბრალოდ, თუკი მოხდება მის მიერ იმის გაკეთება, რასაც სთხოვენ – სააკაშვილის შეწყალება, რა თქმა უნდა, ის ქართველი ხალხის რისხვას თავიდან ვერ აიცილებს. ეს ძალიან კარგად უნდა იცოდეს. რაც შეეხება სიკორსკის განცხადებას, პირადად ჩემთვის ეს არის მიუღებელი. პარტნიორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ამ ტონით არ უნდა საუბრობდეს. ჩვენ სიკორსკის და სააკაშვილის მეგობრობაში ჩარევას არ ვაპირებთ, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ ერთმანეთი. თუკი ის ითხოვს კრიმინალის, სახელმწიფო ტერორიზმის მანქანის შემოქმედის გათავისუფლებას და მას მოიხსენიებს როგორც ქართული ტრანსფორმაციის ერთ-ერთ ავტორს, ეს მისი პრობლემაა. ვფიქრობ, ეს მასზე დადებითად არ მეტყველებს“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართა: „ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია, სააკაშვილს სამართლიანად ეპყრობოდნენ და შესაძლოა, თქვენ შეძლოთ, წვლილი შეიტანოთ მის გათავისუფლებაში“.