UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი ჰყავს. MMA-ის ყველაზე გავლენიანი ორგანიზაციის ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრისთვის გამართულ ბრძოლაში ილია თოფურიამ ალექსანდერ ვოლკანოვსკი ნოკაუტით დაამარცხა.
„თავს შესანიშნავად ვგრძნობ, ძალიან ბედნიერი ვარ. ახლა მაქვს დრო, ეს წარმატება ჩემი ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად აღვნიშნო.
პირველ რაუნდში ის ძალიან სწრაფი იყო. შესანიშნავად მოძრაობდა, ფეხებს კარგად იყენებდა, გამაოცა კიდეც. დრო დამჭირდა, რომ შემესწავლა, ხოლო მეორე რაუნდში ნოკაუტი შევასრულე.
ჩემს მომენტს ველოდებოდი. ბრძოლის დასაწყისიდანვე ჩემი გეგმა გრძელ კომბინაციებს უკავშირდებოდა, რადგან ასეთ დროს ძნელად წასაკითხი იქნებოდა მისთვის ჩემი მოქმედებები.
ვოლკანოვსკისთან კიდევ ერთხელ შეიძლება ბრძოლა, ამჯერად ქამრის დასაცავად, რადგან კარგი ადამიანი და შესანიშნავი მებრძოლია, თუმცა ახლა ახალი თაობის დროა, ახალი სახეების. ჩემი საქმე კი ბრძოლაა, ვისთან დაპირისპირებასაც შემომთავაზებენ, მასთან ვიბრძოლებ.
სამომავლო გეგმა ამ მომენტში დასახული არ მაქვს. კარიერის დასაწყისიდანვე ჩემი მიზანი UFC-ის ჩემპიონობა იყო. სახლში დავბრუნდები, დავისვენებ, ყველაფერს გავაანალიზებ და ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ბრძოლის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თოფურიამ.
შემდეგ ილია თოფურიამ გულშემატკივრებს ქართულად მიმართა: „მინდა, ჩემს პატარა საქართველოს დიდი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის, რადგან თქვენ ყოველთვის ჩემ გვერდით დგახართ. მიყვარხართ, ერთი სული მაქვს ჩამოვიდე და ერთად ვიზეიმოთ ეს გამარჯვება“.