უკრაინასა და საფრანგეთს შორის 16 თებერვალს უსაფრთხოების სფეროში დადებული ორმხრივი თანამშრომლობის შეთანხმება ითვალისწინებს პარიზის მიერ 2024 წლის განმავლობაში კიევისთვის 3 მილიარდ ევრომდე სამხედრო დახმარების გამოყოფას.
საფრანგეთთან უსაფრთხოების შეთანხმება განსაზღვრავს მისი „უსაფრთხოების ვალდებულებების“ კომპონენტებს - ყოვლისმომცველ დახმარებას ტერიტორიული მთლიანობის დაცვისა და აღდგენისთვის, ეკონომიკური აღდგენის მხარდაჭერას, რუსეთის ფედერაციის მხრიდან ნებისმიერი ახალი აგრესიის პრევენციას და აქტიურ შეკავებას, ასევე ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის მხარდაჭერას.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის ინფორმაციით, დადგინდა მხარდაჭერის კონკრეტული ოდენობა - 2024 წელს საფრანგეთი უკრაინას 3 მილიარდ ევრომდე სამხედრო დახმარებას გაუწევს. მხარდაჭერა გაგრძელდება 10 წლის განმავლობაში.
ამასთან, შეთანხმება ითვალისწინებს კიევსა და პარიზს შორის სამხედრო და უსაფრთხოების თანამშრომლობის სფეროებს, მათ შორის იარაღის ერთობლივ წარმოებას, შორ მანძილზე იარაღისა და სამხედრო თვითმფრინავების მიწოდებას და კიბერსივრცეში თანამშრომლობას.
ასევე, შეთანხმების თანახმად, უკრაინა და საფრანგეთი, ითანამშრომლებენ გაყინული რუსული აქტივების გამოყენების, აგრესორი სახელმწიფოების წინააღმდეგ სანქციების და მათზე პასუხისგების დაკისრების საკითხებზე.