უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეორე წლისთავის წინ, ნატო-მ განიხილა კიევისთვის ახალი სამხედრო დახმარების საკითხი. ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომაზე გადაწყდა, შეიქმნას ერთობლივი სასწავლო და ანალიტიკური ცენტრი პოლონეთში, ქალაქ ბიდგოშში, სადაც უკრაინელებს შეეძლებათ „რუსეთის ომიდან მიღებული გაკვეთილების გაზიარება“.
ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ეს სარგებელს მოუტანს, როგორც უკრაინელებს, ისე მოკავშირეებს. მოსალოდნელია, რომ უკრაინელი სამხედროები ნატო-ს ახალ ცენტრში სწავლას და წვრთნას ალიანსის სამხედრო პერსონალთან ერთად რამდენიმე თვეში დაიწყებენ. ამავდროულად, ევროკავშირმა უკვე მოამზადა დაახლოებით 35 ათასი უკრაინელი ჯარისკაცი EUMAM-ის სამხედრო დახმარების მისიის ფარგლებში.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი მხარდაჭერა ყოველ დღე ცვლილებას ახდენს ბრძოლის ველზე“, - თქვა სტოლტენბერგმა ჟურნალისტებთან საუბრისას. თუმცა, მისი თქმით, იმისათვის, რომ უკრაინას მიეწოდოს საჭირო იარაღი და საბრძოლო მასალა, მოკავშირეებმა უნდა გაზარდონ სამხედრო წარმოება.
როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, იანვარში თავდაცვის საინვესტიციო გეგმის შეთანხმების შემდეგ, ნატო-ს წევრებმა ხელი მოაწერეს კონტრაქტებს მრეწველობასთან 10 მილიარდ ევროზე დამატებითი შეკვეთების სახით.