როგორც ევროკავშირი, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს არ ვუჭერთ რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას, მაგრამ ის, რაც ჩვენ ნამდვილად გვაინტერესებს, არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ასევე თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი, ეს არის მეორე ნაბიჯი იმ ცხრა ნაბიჯიდან, რომელიც საქართველოს გადაეცა გასული წლის დეკემბერში, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
„გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საარჩევნო კამპანია წარიმართება უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ძალიან მიხარია, რომ გუშინ საქართველოს მთავრობამ მიმართა ეუთოს/ოდირს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მოთხოვნით. ჩვენი წევრი ყველა ქვეყანა, რომელიც ეუთო-ს წევრია, მხარს დაუჭერს ამას, ასევე დავიწყეთ ევროკავშირის ქვეყნების ელჩების შეხვედრები პოლიტიკურ პარტიებთან. ჩვენი მიზანია შევხვდეთ ყველა მათგანს უახლოეს თვეებში, რათა ჩვენ, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ძალიან კარგად ვიყოთ ინფორმირებული საქართველოში ყველა პოლიტიკური პარტიის სხვადასხვა იდეების, სხვადასხვა საარჩევნო პროგრამის შესახებ“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.
ელჩის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ არჩევნები, არამედ საარჩევნო კამპანიაც წარიმართოს სამართლიან და თავისუფალ გარემოში.
„საარჩევნო უბნების აბსოლუტურ უმრავლესობაში დანერგილია საარჩევნო ხმის მიცემა, გადაწყვეტილება თავად ქართველებმა მიიღეს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ოქროს სტანდარტი არ არსებობს. ზოგიერთ ქვეყანას აქვს ეს, ზოგს არა, ფაქტობრივად, უმრავლესობას არა. ამიტომ ამაზე ჩემს აზრს ვერ გამოვთქვამ. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ჩატარდება უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და გვექნება არა მხოლოდ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, არამედ თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო კამპანია, რომელიც საშუალებას მისცემს თითოეულ პოლიტიკურ პარტიას წარადგინოს თავისი პროგრამა, ჩაერთოს ამომრჩევლებთან და შეძლოს კონკურენციის გაწევა“, – განაცხადა ელჩმა.