ევროპული საქართველოს წევრი, თენგო კირთაძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხეილ გალუზინის მიერ ქართულ ოცნებასა და მის პოლიტიკაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც თენგო კირთაძემ აღნიშნა, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ქართული ოცნება რუსეთის ხელისუფლებისგან ქებას იღებს.
მისი თქმით, საზოგადოებამ მხოლოდ ერთი რელევანტური შეკითხვა უნდა დასვას, თუ რატომ შეიძლება, რომ შენი ქვეყნის მტერი შენივე ქვეყნის ხელისუფლებას აქებდეს.
„პასუხი არის მარტივი - ჩვენს მტრებს ქართული ოცნების პოლიტიკა და მისი ხელისუფლებაში ყოფნა აწყობთ საკუთარი ინტერესების განსახორციელებად. შესაბამისად, რაც შეიძლება სწრაფად, დემოკრატიული გზით უნდა შევცვალოთ ეს რეჟიმი, რათა გავატაროთ ის პოლიტიკა, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს“ - თქვა თენგო კირთაძემ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ გალუზინმა განაცხადა, რომ რუსეთი აპირებს საქართველოსთან კავშირების გაუმჯობესებას, თუნდაც დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში.