კიევის საკრებულოს გადაწყვეტილებით, კიევის რამდენიმე ქუჩას სახელი გადაერქვა. კერძოდ, ერთ-ერთ ქუჩას, რომელიც აქამდე მიხეილ ბულგაკოვის სახელს ატარებდა, ცნობილი ქართველი მსახიობისა და მომღერლის, ვახტანგ კიკაბიძის სახელი ეწოდა.
საკრებულოს პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება დერუსიფიკაციის და დეკომუნიზაციის პროცესის ფარგლებში მიიღეს.
ვახტანგ კიკაბიძე 84 წლის ასაკში, 20223 წლის 15 იანვარს გარდაიცვალა. ის იყო კინომსახიობი, მომღერალი, სცენარისტი, კინორეჟისორი და სიმღერების ავტორი. კიკაბიძეს მიღებული აქვს საქართველოს სახალხო არტისტის და უკრაინის დამსახურებული არტისტის წოდება, ასევე, არაერთი სახელმწიფო და საერთაშორისო ჯილდო.
დაჯილდოებულია ღირსების, ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის და წმინდა გიორგის ორდენებით. იყო ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა და წმინდა კონსტანტინე დიდის ჯვრის რაინდი.
2008 წლის ომის შემდეგ მან უარი თქვა რუსეთში საქმიანობაზე და მეგობრობის ორდენის მიღებაზე. იყო უკრაინის აქტიური მხარდამჭერი. მისი ბოლო საქველმოქმედო კონცერტიც სწორედ უკრაინაში მიმდინარე ომს მიეძღვნა.