ეკვადორის საკონსტიტუციო სასამართლომ, 7 ხმით 2-ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა ევთანაზიის დეკრიმინალიზაციას.
სასამართლოს სარჩელით მიმართა ნევროლოგიური დაავადების მქონე ქალმა, რომელიც აცხადებდა, რომ იტანჯებოდა ტკვილით და მარტოობით და მშვიდი სიკვდილი სურდა.
სარეცელს მიჯაჭვული ქალი სადაოდ ხდიდა სისხლის სამართლის კოდექსის მუხლს, რომლითაც ევთანაზია მკვლელობის ტოლფას დანაშაულად იყო გამოცხადებული და ითვალისწინებდა 10-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ქალი ითხოვდა ამ მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობას.
"მინდა მშვიდად წავიდე ამ ქვეყნიდან" - განაცხადა მან სასამართლო სხდომაზე ვიდეო ბმულის საშუალებით. "ის რასაც მე განვიცდი მტკივნეულია, მარტოსული და სასტიკი."
სასამართლომ დაადგინა, რომ "არაგონივრული იქნებოდა ცოცხლად ყოფნის ვალდებულების დაკისრება მათთვის, ვინც ამ სიტუაციაშია".
"ყველა ადამიანს შეუძლია მიიღოს თავისუფალი და ინფორმირებული გადაწყვეტილებები, რომელიც გავლენას ახდენს მის პიროვნულ განვითარებაზე, რაც მოიცავს მძიმე და შეუქცევადი სხეულის დაზიანების ან სერიოზული და განუკურნებელი ავადმყოფობის გამო გამოწვეული ინტენსიური ტანჯვის შეწყვეტის შესაძლებლობას", - ნათქვამია სასამართლო გადაწყვეტილებაში.
ახლა უკვე სისხლის სამართლის კოდექსში შესაბამისი ცვლილება უნდა შეიტანოს ეკვადორის ეროვნულმა კონგრესმა, რომელსაც შესაძლოა კვირები დასჭირდეს, მაგრამ პაციენტის ადვოკატის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება "დაუყოვნებლივ აღსრულებადია", რაც იმას ნიშნავს, რომ ევთანაზია დაშვებულია.
ეკვადორი ლათინური ამერიკის მეორე ქვეყანაა კოლუმბიის შემდეგ, რომელმაც ევთანაზიის დეკრიმინალიზაცია მოახდინა.
კოლუმბიამ 1997 წელს მოახდინა ევთანაზიის დეკრიმინალიზაცია.