მსოფლიოში სახელგანთქმული ქართველი საოპერო მომღერალი, მეცოსოპრანო ანიტა რაჭველიშვილი დიდ სცენას უბრუნდება. ინფორმაცია სოციალურ ქსელში, ანიტა რაჭველიშვილის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ანიტა რაჭველიშვილი ამილკარე პონკიელის ოპერაში "ჯოკონდა"/ La Gioconda" ლაურას როლს იმღერებს.
ქართველი მეცოსოპრანო აპრილში, ნეაპოლის სან კარლოს ოპერის თეატრში ანა ნეტრებკოსა და იონას კაუფმანთან ერთად იმღერებს.
"აფრთოვანებული ვარ, რადგან ძალიან მალე ვუბრუნდები ჩემთვის საყვარელ სან კარლოს ოპერის თეატრის სცენას, ოპერაში "ჯოკონდა" სადებიუტო როლით.
ლაურა წარმოუდგენლად ლამაზი როლია და მოუთმენლად ველი, რომ ვიმღერო თქვენთვის ყველასთვის, სიყვარულით, ანიტა", - აღნიშნულია მომღერლის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ანიტა რაჭველიშვილს გარკვეული დროის განმავლობაში, პაუზა ჰქონდა აღებული. გასული წლის ზაფხულში, რაჭველიშვილი სოციალუ ქსელში წერდა, რომ სცენას უახლოეს მომავალში დაუბრუდებოდა.
"ძალიან ცუდად ვიყავი. ურთულესი ორი წელი მქონდა. ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა სულ უფრო და უფრო მძიმდებოდა. ვცდილობდი ვყოფილიყავი ძლიერი ჩემი ოჯახის, ჩემი პატარა ანგელოზის, ოპერისა და იმ საქმის გამო, რისი კეთებაც მიყვარს... ივნისის დასაწყისში მომიწია შევჩერებულიყავი და მიმეხედა საკუთარი თავისთვის. ძალიან ვწუხვარ, ეს ურთულესი გადაწყვეტილება იყო. ახლა თავს უკეთ ვგრძნობ. საუკეთესო ექიმების გუნდმა მიმკურნალა და ძალიან მალე დავბრუნდები. როგორც კი შესაძლებლობა მექნება, გიამბობთ ჩემს ამბავს და ბევრს ვილაპარაკებთ ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც ქალს შეიძლება გაუჩნდეს“, - წერდა ანიტა რაჭველიშვილი.