87 წლის ასაკში ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი და პედაგოგი ვაჟა აზარაშვილი გარდაიცვალა.
ვაჟა აზარაშვილმა 1961 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია.
1961 წლიდან, შემოქმედებითი მოღვაწეობის პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობასაც. 1971 წლიდან იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, პროფესორი(1988); 1994 წელს გახდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სამხატვრო ხელმძღვანელი;
კომპოზიტორის შემოქმედება გამოირჩევა ჟანრობრივი მრავალფეროვნებით. მას ეკუთვნის სიმფონიური, კამერულ-ინსტრუმენტული ნაწარმოებები, ნაყოფიერად მუშაობდა მიუზიკლისა და საესტრადო სიმღერის ჟანრში. დაწერილი აქვს შვიდი ინსტრუმენტული კონცერტი სხვადასხვა სოლო საკრავისა და ორკესტრისათვის. ფართო მსმენელმა ვაჟა აზარაშვილი შეიყვარა მელოდიური, ადვილად დასამახსოვრებელი სიმღერების გამო. იგი ავტორია 250-მდე საესტრადო სიმღერის, მათ შორის: „დინამო, დინამო“, „მზე ჩემი მეგობარია“, „ხევსურული ბალადა“, „ისევ წვიმს“ და სხვა.
ვაჟა აზარაშვილი არაერთი პრემიისა თუ ჯილდოს მფლობელია. ქართულ ხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის მიღებული აქვს საქართველოს სახელმწიფო პრემია, ზაქარია ფალიაშვილისა და იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემიები, არის საქართველოს სახალხო არტისტი, ღირსების ორდენის მფლობელი და სხვა.
2017 წელს ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა კულტურის სამინისტროს სპეციალური ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“.