საინტერესო ინიციატივაა პრეზიდენტის მხრიდან. ყველა ერთ პარტიაში გაერთიანდეს, ასე არ ვხედავთ ამ პროცესს, მით უმეტეს, კანონმდებლობითაც ბლოკები არის გამორიცხული. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს გამოვიყენოთ ევროპული რეკომენდაციებისთვის ერთობლივად სამუშაოდ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტი თუ აღიარებს, რომ სასამართლო არ არის სამართლიანი, რატომ ზის მიხეილ სააკაშვილი ციხეში?
„ამ პროცესში ასევე ვხედავ არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ ყინულის დაძვრისკენ ნაბიჯის გადადგმას, ოპოზიციამ ორ მთავარ საკითხზე – ძალაუფლების ცვლილება და ევროპაში ინტეგრაცია – უნდა მივაღწიოთ შეთანხმებას. ამის სივრცეს ეს იძლევა, მაგრამ არ გამოვა, თუ პრეზიდენტი არ გაუწევს ანგარიშს იმ რეალობას – პრეზიდენტი აღიარებს, რომ სასამართლო არ არის სამართლიანი, ასევე ის აღიარებს, რომ ფარცხალაძე არის რუსეთთან დაკავშირებული ადამიანი და მოქალაქეობაც კი შეუწყვიტა, მაშინ რატომ ზის მიხეილ სააკაშვილი ციხეში? ესაა მთავარი კითხვა, რომელსაც პრეზიდენტმა გუშინ არ უპასუხა. შეიძლება, პრეზიდენტს ჰქონდეს საარჩევნო მიზნები, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ არ გვაქვს პრეზიდენტთან ერთად საარჩევნო მიზნები“, – განაცხადა მანჯგალაძემ.