სამწუხაროა, რომ სალომე ზურაბიშვილი იქცა იმ ხალხის ლიდერად, შტაბის ხელმძღვანელად, რომლებიც უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ მას, არ აღიარებდნენ პრეზიდენტად, ვიდრე ხელი არ მოეცარათ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
მისი თქმით, არანაირი ძალა არ აქვთ და მათგან არც ერთობა გამოვა.
„საქართველოს პრეზიდენტი ქართული საზოგადოების უმრავლესობის თვალში აბსოლუტურად დევალვირდება. ვიზიარებ ჩვენი პარტიის ლიდერების გუშინდელ შეფასებებს, როგორც ბატონი ირაკლი კობახიძის, მამუკა მდინარაძის, ისე სხვების პოზიციას. მორიგი ცდაა, ფსევდოშუაშისტური რაღაც ძალა შეიქმნას. არაერთხელ მითქვამს, რომ მათემატიკაში ორჯერ ორი არის ოთხი და ამათ შემთხვევაში, ორჯერ ორი ნულდება. რა თქმა უნდა, ეს პარადოქსია, მაგრამ ამ შემთხვევაში ასეა. სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილის მოწვევით დაიწყო საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობა მინისტრის თანამდებობაზე, პირველ ქალ პრეზიდენტად არჩეულია მხოლოდ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მიერ და არა მათ მიერ, ვინც შალვა ნათელაშვილის ფანჩატურიდან ორბელიანების სასახლეში უნდა გადაინაცვლოს. სამწუხაროა, რომ სალომე ზურაბიშვილი იქცა იმ ხალხის ლიდერად, შტაბის ხელმძღვანელად, რომლებიც უშვერი სიტყვებით ლანძღავდნენ მას, არ აღიარებდნენ პრეზიდენტად, ვიდრე ყველას ერთად ხელი არ მოეცარა. ახლა ფიქრობენ, რომ მათი ძალა ერთობაშია. არანაირი ძალა არ აქვთ და მათგან არც ერთობა გამოვა. რა თქმა უნდა, ეს მომავალ არჩევნებს უკავშირდება“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.