გერმანიის ელჩი საქართველოში პიტერ ფიშერი აცხადებს, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის ერთ-ერთი მთავარი პირობა საქართველოში თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ჩატარებაა.
გერმანელი დიპლომატის განცხადებით, დემოკრატიულ ქვეყანაში მედიის საქმიანობაში ჩარევა და ფიზიკური ძალადობა მიუღებელია.
"საიდუმლო არ არის, თუ როგორ უნდა გაწევრიანდეთ ევროკავშირში - ყველაფერი შავით თეთრზე წერია. გვაქვს ევროკავშირის ხელშეკრულებები, კოპენჰაგენის კრიტერიუმები, დრო მოკლეა, საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები.
მე რომ ქართველი ჟურნალისტი, საქართველოს მოქალაქე ვიყო, პარლამენტის წევრებს ვეტყოდი: საქართველომ მოლაპარაკებები დეკემბერში უნდა დაიწყოს, ჩვენ სწრაფად უნდა ვიმუშაოთ. საჭიროა არა მხოლოდ ხარისხი, არამედ სიჩქარე. ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარეობს, რომ საქართველო გაწევრიანდეს ევროკავშირში", - განაცხადა ელჩმა.
ფიშერმა განმარტა, რომ ევროკავშირი არის "ლიბერალური დემოკრატიების კლუბი" და მასში შესვლისთვის აუცილებელია თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ჩატარება.
"ჩვენ არ მივიღებთ ქვეყანას, რომელსაც არ შეუძლია ჩაატაროს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი არჩევნები. აუცილებელია კარგი მედია, ჟურნალისტიკა, რომელზეც მოქალაქეები დააფუძნებენ საკუთარ პოლიტიკურ აზრს და ეს, რა თქმა უნდა, აუცილებელია საქართველოს ევროინტეგრაციის კონტექსტში. ყველასთვის გასაგებია, რომ მედიის საქმიანობაში ჩარევა, ფიზიკური ძალადობა მიუღებელია დემოკრატიაში", - თქვა ელჩმა.
მანამდე, ფიშერი აცხადებდა, რომ ევროკავშირს არ სჭირდება „ახალი პრობლემა“ - საქართველოს არჩევნებმა, მისი თქმით, ეჭვები არ უნდა გააჩინოს.
შეგახსენებთ, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს გაიმართება.